რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში დახმარება შესთავაზა. განცხადება რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.პუტინმა მზადყოფნა გამოთქვა, საფრანგეთში საუკეთესო რუსი სპეციალისტების გაგზავნასთან დაკავშირებით, რომლებიც ტაძრის აღდგენაში მიიღებენ მონაწილეობას.
„პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი საფრანგეთის შეუფასებელი სიმბოლო, მსოფლიო კულტურის საგანძური და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული სიწმინდეა. რუსი ხალხი გულისტკივილს გამოთქვამს, პარიზში მომხდარი უბედურების გამო” – ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაში.
ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ამ დროისთვის სრულად ჩამქრალია. ძლიერ ხანძარს მეხანძრე-მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ებრძოდნენ. ცეცხლი ღვთისმშობლის ტაძარში გუშინ პარიზის დროით საღამოს 7 საათზე გაჩნდა.
ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის სახურავი. მეხანძრეებმა შეძლეს შენობის ძირითადი კონსტრუქციის გადარჩენა. ასევე გადარჩა ტაძარში არსებული რელიკვიები, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი.
ამ ეტაპზე ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზები უცნობია, თუმცა წინასწარი ვერსიით, ის ტაძარში მიმდინარე სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. ინციდენტის შედეგად ერთი მეხანძრე დაშავდა.