ევროპული საქართველო -თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარი კანდიდატის შალვა შავგულიძის ბანერები თბილისის ცენტრის ქუჩებიდან მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ჩამოხსნა. ოპოზიციის ინფორმაციით, კანონი ბანერებს არ კრძალავსმ რის გამოც ისინი მომხდარს შალვა შავგულიძის დისკრიმინაციად აფასებენ. პარტიაში თვლიან, რომ ხელისუფლება გაღიზიანებულია იმით, რომ შავგულიძემ პირველ ტურში მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოიპოვა და ქართულ ოცნებას შიში აქვს, რომ მათი კანდიდატი არჩევნების მეორე ტურს წააგებს.
ევროპული საქართველოს დღევანდელ ბრალდებას უპასუხა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძის თქმით, „ევროპულ საქართველოს“ ბანერების გაკვრის არანაირი უფლება არ ჰქონდა , რასაც შესაბამისი რეაგირება მოყვა. კალაძის განცხადებით, ქალაქში უკანონობა არ უნდა ხდებოდეს.
„ბანერების გაკვრის არანაირი უფლება არ ჰქონდათ და შესაბამისად, ჩვენი მხრიდან მოჰყვა რეაგირება, მუნიციპალურმა ინსპექციამ და შესაბამისმა სამსახურებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ქალაქში უკანონობა არ უნდა მოხდეს,“ – განაცხადა კახი კალაძემ.
შავგულიძის ბანერების ჩამოხსნასთან დაკავშირებით განცხადება ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე ბარამიძემ, გააკეთა.
მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა შავგულიძის მხარდამჭერი ბანერი შტაბის წევრებმა გუშინ გვიან ღამით გააკრეს, თუმცა, დღეს დილას ადგილზე მისულებს ჩამოხსნილი დახვდათ.
სანდრო ბარამიძის ინფორმაციით, ბანერი თბილისის მერიის სამსახურებმა ჩამოხსნეს, რაც მისი თქმით, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა, რადგან არჩევნების პირველ ტურში ამავე ქუჩებზე სხვა საარჩევნო სუბიექტების პლაკატები არ ჩამოუხსნიათ.