“ქალი რომ ქმრის წინ იტლიკინებს, იმ ქალს რაღაცა მოხვდება” – ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის მეზობელი

ხაშურში მომხდარ მკვლელობაზე, ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის მეზობლის შეფასებით, საზარელი ფაქტი ცოლის დაუმორჩილებამ გამოიწვია, ხოლო ყოფილი ცოლის მკვლელობაში  ბრალდებული ირაკლი დეკანოიძე კარგი ბიჭია.

“არ იყო ცუდი ბიჭი, ფაქტი არის, რომ მკვლელობა მოხდა. არ უნდა მომხდარიყო. მაგრამ ასე გაშვებული არ უნდა იყოს ქალები. ქალს კაცის მერე უნდა ჰქოდეს ხმა. დაალაპარაკე ჯერ ქმარი. ქალი რო ქმრის წინ იტლიკინებს, იმ ქალს რაღაცა მოხვდება” – აცხადებს ხაშურელი ქალი. 

შეგახსენებთ, მკვლელობა ხაშურში გუშინ მოხდა. ყოფილმა ქმარმა  30 წლის ნათია გოგოლაძეს ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით თავის არეში   დაზიანებები მიაყენა, ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ დეკანოიძემ ყოფილ ცოლს სამსახურში ხელყუმბარა შეუგდო, რომელიც არ აფეთქდა.

მკვლელობაში ბრალდებული ირაკლი დეკანოიძე, პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ირაკლი დეკანოიძე წარსულში ნასამართლევი იყო.  ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.