პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარიას განცხადებით, ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის მხოლოდ ქალების საქმე.
მისი თქმით, კარგი კანონმდებლობის და საერთო ძალისხმევის მიუხედავად, ძალადობის კუთხით სურათი დამძიმდა.
,,ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის მხოლოდ ქალების საქმე! ამ ბრძოლაში ყველა უნდა გავერთიანდეთ!
მართალია, ჩვენ გვაქვს კარგი კანონმდებლობა და საერთო ძალისხმევით ბევრი გაკეთდა, თუმცა, ფაქტია, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო, რადგან სურათი დამძიმდა. ბოლო ორ თვეში 8 ქალი საკუთარმა ოჯახის წევრმა მოკლა.
თავის დროზე ერთიანმა მუშაობამ სერიოზული შედეგი გამოიღო, ამიტომ ყველა საჯარო უწყება, სამოქალაქო საზოგადოება, მედია თუ საერთაშორისო პარტნიორები კვლავაც უნდა გავერთიანდეთ”,- წერს გახარია.
პრემიერი კაცებს, მინისტრებს, ცნობილ ადამიანებს და სხვებს მოუწოდებს, ძალადობის ფაქტები საჯაროდ დაგმონ.
,,პირველ რიგში, მოგიწოდებთ კაცებს – ჩაერთეთ სოციალურ კამპანიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ასევე, მოგიწოდებთ ყველა ჩემი კაბინეტის წევრს, ცნობილ საზოგადო მოღვაწეებს, სპორტსმენებს, პოლიტიკოსებს, მედიის წარმომადგენლებს და სხვებს – დაგმეთ ასეთი ფაქტები საჯაროდ. ზოგადად, მნიშვნელოვანია ყველა სამინისტრომ პოლიტიკის დონეზე აიყვანოს, პრიორიტეტად აქციოს ეს საკითხი და საჯაროდ დაგმოს ძალადობა.
ორ დღეში 8 მარტია. ჩვენი ამოცანა არ არის ამ დღის სიმბოლურად აღნიშვნა. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, ყოველდღიურად ვხედავდეთ პროგრესს ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით”,- წერს თავის არავერიფიცირებულ ,,ფესბუქგვერდზე” გახარია.
მთავრობის პრესსამსახური ადასტურებს, რომ არავერიფიცირებული გვერდი ,,გახარია” მისი ოფიციალური გვერდია. ამ გვერდზე არაერთხელ განთავსდა და ,,დასპონსორდა” პრემიერის შესახებ ინფორმაცია.