{{ARTICLEIMAGE}}ქალთა მოძრაობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშილს მის მიერ დაგეგმილ ერთ-ერთ პირველ გადაწყვეტილებას უწუნებს.
მიმართვის ავტორები სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, გადახედოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურის განხილვის გადაწყვეტილებას.
ქალთა მოძრაობა ულოცავს სალომე ზურაბიშვილს გაპრეზიდენტებას და შეახსენებს, რომ მას, როგორც ქალ პრეზიდენტს, მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში. სწორედ ამის გათვალისწინებით, ქალთა მოძრაობა და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციები მოუწოდებენ სალომე ზურაბიშვილს, გადახედოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურის განხილვის გადაწყვეტილებას.
“რას აკეთებდა რო ისეთს, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს?“ – რამდენიმე თვის წინ ამ ფრაზით გამოეხმაურა დიმიტრი გაბუნია ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ შეტანილ საჩივრებს და სწორედ ამ ფრაზით დაგვამახსოვრა თავი ჩვენ, ქალთა მოძრაობის წევრებს. ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროება სახალხო დამცველმა სამ საქმეზე დაადგინა. ამიტომაც, ჩვენთვის განსაკუთრებით მძიმე იყო იმის მოსმენა, რომ სწორედ დიმიტრი გაბუნია განიხილება საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად. ქალთა მოძრაობის წევრებსა და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო სამსახურში ასეთ მაღალ და საპასუხისმგებლო პოზიციას არ უნდა იკავებდეს გენდერულად არამგრძნობიარე ადამიანი, რომელმაც სექსუალური შევიწროება ლამის ნორმად და მისსავე პირად პრაქტიკად წარმოგვიჩინა.
ქალბატონო პრეზიდენტო, იმედი გვაქვს, რომ თქვენ როგორც საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი ჩვენს მიერ მითითებულ გარემოებას გაითვალისწინებთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. მით უფრო, რომ საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში სწორედ სექსუალური შევიწროების კანონპროექტის განხილვას გეგმავს, ამასთან, დაგეგმილია სხვა არაერთი საკანონმდებლო რეფორმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტისგან ქალები სწორედ ჩვენი უფლებების ადვოკატობას ველოდებით და ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტი მხარს დაუჭერს ქალთა და გოგონათა გაძლიერებისკენ მიმართულ ყველა საკანონმდებლო თუ სხვა ტიპის ინიციატივას და ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს და პოლიტიკურ გავლენას გამოიყენებს ქალთა მიმართ ნებისმიერი ტიპის ძალადობის აღმოსაფხვრელად“, წერია მიმართვაში, რომლის ავტორები არიან: “ქალთა მოძრაობა“; “საფარი”; “ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველო; ქალთა ფონდი საქართველოში; ასოციაცია საზოგადოების კეთილდღეობისთვის; ფონდი “ტასო“; ქალთა ასოციაცია “ვაკეთოთ ერთად”; “ახალგაზრდა ფემინისტები“; “თანასწორობის მოძრაობა“; “რეალური ხალხი, რეალური ხედვა“; “სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი“; “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG); “თანაზიარი“; “განათლებისა და შრომის ასოციაცია“; “სტუდიომობილი – აქცენტი მოძრაობაზე“; “განვითარებისა და მიგრაციის ინსტიტუტი“; Action Global Communications Georgia.
ცნობისათვის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, “დიმიტრი გაბუნიას საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დანიშვნის საკითხი განიხილება. ინფორმაცია დიმიტრი გაბუნიამაც დაადასტურა, თუმცა აღნიშნა,რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.