“ქართული ოცნების” ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის მორიგი სხდომა იმართება

{{ARTICLEIMAGE}}
მმართველი პარტიის, “ქართულ ოცნების” ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა კვლავ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით იმართება. ეს შეხვედრა გუშინდელი შეკრების გაგრძელებაა, რომელიც დეპუტატების თქმით, იმიტომ გახდა საჭირო, რომ ყველა დამსწრემ უნდა შეძლოს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითზე – ეს ის თემაა, რაზეც გუნდში აზრთასხვადასხვაობაა და რომლის გამოც მმართველ გუნდს მისი წევრები ეკა ბესელიას ლიდერობით დაუპირისპირდნენ. ეკა ბესელია, რომელიც პარტიის ლიდერის პოზიციით გუშინ კმაყოფილი იყო, დღეს ამბობს, რომ ოსამართლეთა უვადოდ დანიშვის წესი 2024 წლამდე არ უნდა იყოს გამოყენებული და მოსამართლეთა დანიშვა იქამდე უნდა შეჩერდეს, ვიდრე რეფორმა არ განხორციელდება. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აღნიშნავს, ამასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის პოზიცია დადებითია. ბესელიას პოზიციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად ერთ პოზიციაზე რამდენიმე კანდიდატის წარდგენა უნდა იყოს შესაძლებელი და პარლამენტმა მოსამართლის ათ პოზიციაზე არა 10-კაციანი სია, არამედ 20 ან 30-კაციანი სია მიიღოს და შემდგომში გაფილტროს. აღსანიშნავია, რომ გუშინ, შეხვედრიდან გამოსული დეპუტატები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა განსაკუთრებული როლი ითამაშა და მედიატორის, ლიდერის ფუნქცია კარგად შეასრულა. 

რაც შეეხება დღეს განსახილველ საკითხებს, ბესელიას თანამოაზრე ლევან გოგიჩაიშვილიც ამბობს, რომ ერთ-ერთი საკითხი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე შეჩერება იქნება. მისი თქმით, ამის საშუალებას კონსტიტუციური ჩანაწერი აძლევთ – როგორც ცნობილია, კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, 2024 წლის 31 დეკემბრამდე პირველად განწესების შემთხვევაში, უვადოდ განწესებამდე მოსამართლე თანამდებობაზე შეიძლება, განწესდეს 3-წლის ვადით.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან კობერიძე ამბობს, რომ გუშინდელი შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთა სურათი, რომ ერთ ვერსიაზე შეჯერების პოტენციალი არსებობს.

“თუ ვერ მოხდა შეჯერება, მაშინ ალბათ, რამდენიმე ვერსია ჩამოყალიბდება. პარტიის თავმჯდომარე ყველაფერს აკეთებს, რომ პროცესი წარიმართოს პოზიტიურად. გამამტყუნებელი განაჩენი სადაც დადგა სტრასბურგის სასამართლოში, იმ მოსამართლეებს უვადოდ მოსამართლეობის უფლება არ უნდა მიეცეთ. ყველაზე მთავარია ჩვენი მოსახლეობა თავისი გონებიდან გაგვრიცხავს თუ არა”, განაცხადა კობერიძემ.