“ქართული ღვინო ცივილიზაციის ნაწილია და იაპონელებმა ამის ფასი კარგად იციან“–სალომე ზურაბიშვილი

იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა ტურიზმისა და ღვინის სფეროების წარმომადგენლებს სამუშაო სადილზე უმასპინძლა. 

პრეზიდენტის ინფორმაციით ის წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე, ქართული ღვინის ისტორიასა და მის უნიკალურობაზე ესაუბრა. სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქ გვერდზე წერს:
“საქართველო ძველი ცივილიზაციის ქვეყანაა, გამორჩეული, მრავალფეროვანი ბუნებით, თავისი ტრადიციული და თანამედროვე კულტურით, განსაკუთრებული გასტრონომიული მრავალფეროვნებითა და ქართული ღვინით, რომელიც გამორჩეულია მსოფლიოში, ის თავისი დახვეწილი გემოთი იაპონური ბაზრის ინტერესს ნამდვილად გამოიწვევს. ქართული ღვინო ცივილიზაციის ნაწილია და იაპონელებმა ამის ფასი კარგად იციან. “

იაპონიის ტურისტულ კომპანიათა ასოციაციის პრეზიდენტის ტადაში შიმურას განცხადებით, საქართველოში ტურიზმის მიმართულებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია, მათ შორის ბუნება, კულტურა, კლიმატი და ტრადიციული სამზარეულო.

,,ჩემი აზრით, საქართველოს ყველაფერი აქვს, თუმცა უნდა გაიზარდოს საქართველოს ცნობადობა იაპონიაში. გასულ წელს ჩვენ გვქონდა საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდის ღონისძიება.

ამ ხედვიდან გამომდინარე, პრეზიდენტის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს ხელს შეუწყობს საქართველოს პოლულარიზაციას და იაპონია-საქართველოს შორის ტურისტულ ურთიერთობებს”, – აღნიშნა იაპონიის ტურისტულ კომპანიათა ასოციაციის პრეზიდენტმა.

ღვინის ექსპერტი, კენინი ოოჰაში, რომელიც პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდა, აცხადებს, რომ იაპონია დაინტერესებულია გაამდიდროს საკუთარი ბაზარი ქართული ღვინით.

,,იაპონია აბრეშუმის გზის ბოლო წერტილია, საქართველო კი, საწყისი ადგილი, რომელსაც უზარმაზარი ისტორია აქვს.
ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ამ ისტორიას, რომლის ნაწილიცაა ,,იუნესკოს” მიერ აღიარებული ქართული ღვინო. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტის იაპონიაში ვიზიტი ძალიან ძლიერი, წამახალისებელი მოვლენა იქნება ჩვენი ბაზრების გასაფართოებლად”,- განაცხადა კენინი ოოჰაშიმ.

პრეზიდენტმა სადილზე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს საქართველოს ტურისტული ადგილების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები გადასცა და ქართული კერძებითა და ღვინით გაუმასპინძლდა.