„ქართული ოცნება“ მუღამში შევიდა და გადაწყვიტა კონგრესმენებისა და სენატორების პასუხად იძველბიჭოს- გიგი უგულავა

,,როგორც ჩანს ქართული ოცნება მუღამში შევიდა და ამ ჩხუბების მერე გადაწყვიტა, კონგრესმენების და სენატორების პასუხად “იძველბიჭოს”,”- ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს წევრი, გიგი უგულავა აშშ-ში საქართველოს ელჩის, დავით ბაქრაძის განცხადებას.

,,რისი პირდაპირი შედეგი არის ელჩი ბაქრაძის განცხადება, რომ ტონი არ მოეწონათ თურმე კონგრესმენების, ისევე როგორც გახარია იძახის, რომ მეგობრები წერილებით არ საუბრობენ. საქართველოს მთავრობა, თავისი საელჩოთი ოფიციალურად შევიდა ძველბიჭურ დაპირისპირებაში ამერიკის კონგრესთან და სენატთან, როდესაც რაღაც ტონებზე ლაპარაკობენ, იმის მაგივრად, რომ ისაუბრონ იმ შინაარსზე, რა შინაარსმაც გამოიწვია ასეთი მკაცრი და კატეგორიული ტონი. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სრულიად არაადეკვატურია ქართული ოცნება, საერთოდ განზომილებასაც ვერ ხვდება რამხელა პრობლემაში შეყო თავი”,- განაცხადა გიგი უგულავამ .

მან ,,ფეისბუქზე” ტროლებისა და ბოტების გაუქმების შემთხვევაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ივანიშვილი ანტიამერიკულ პროპაგანდას აფინანსებს.

,,თუ გავითვალისწინებთ ფეისბუქის აღმოჩენას, რომ ივანიშვილი ერთი ხელით სადღეგრძელოებს ეუბნება დასავლეთს და მეორე ხელით ძირგამომთხრელ საქმიანობას და ანტიამერიკულ პროპაგანდას აფინანსებს, ყველაფერი თავის ადგილზე დგება. როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებამ პრობლემის მოგვარების ნაცვლად გადაწყვიტა იბაქუბუქოს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან სახიფათო,” – ამბობს უგულავა.

ცნობისთვის, აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, კონგრესმენებსა და სენატორს არასწორი ინფორმაცია აქვთ, ხოლო ტონი, რომლითაც ,,ფრონტერას” მხარდამჭერი კონგრესმენები გახარიას მიმართავენ, მიუღებელია.