„ქართული ოცნება“ ოპოზიციურ პარტიებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივით მიმართავს.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათი ინიციატივაა, შემდეგი არჩევნები ჩატარდეს შერეული საარჩევნო სისტემით, რომელშიც 100 დეპუტატს პროპორციული წესით, 50-ს კი მაჟორიტარული წესით აირჩევენ.
„პოლიტიკურ სპექტრს ჩვენ ვთავაზობთ ინიციატივას, შევინარჩუნოთ მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა 2/3-მდე გავზარდოთ ამ სისტემაში პროპორციული წილი. ამ ინიციატივაზე შეთანხმების შემთხვევაში, პროპორციული წესით ავირჩევთ 100 დეპუტატს,ნაცვლად 77-ის, ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-მდე შემცირდება. შესაბამისად, იქნება 100 პროპორციული მანდატი მომავალ პარლამენტში და 50 მაჟორიტარული მანდატი, თუ ეს შეთანხმება შედგა“, – განაცხადა თალაკვაძემ.