„ქართული ოცნება დარჩენილია რამდენიმე ათასი იძულებით ჩამოყვანილი საჯარო მოხელის იმედად, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„ქართული ოცნება დარჩენილია რამდენიმე ათასი იძულებით ჩამოყვანილი საჯარო მოხელის იმედად, ყველამ ხომ იცის, რომ მეხანძრეები აღარ დატოვეს რეგიონებში და ღმერთმა დაგვიფაროს, სადმე ხანძარი მოხდეს, ალბათ, ხანძრის ჩამქრობი არავინ იქნება. აღარ დატოვეს სასწრაფოში მომუშავე ექიმები და მასიურად მოჰყავთ თბილისში. კიდევ კარგი, რომ დღეს სწავლა არ არის, თორემ დღეს მოსწავლეები დარჩებოდნენ გაცდენილი გაკვეთილებით. დასასუფთავებელი თუ რამე გახდა, იცოდეთ, რომ დღეს ვერავინ გაიტანს რაიონში იმიტომ, რომ დასუფთავების სამსახურის ყველა თანამშრომელი ჩამოყვანილია,“- განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედანზე ღონისძიებას „საქართველოს გზა ევროპისკენ“ მართავს.