“ქართული ოცნება” ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მხოლოდ ნაწილს გაითვალისწინებს

“ქართული ოცნება” ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნაწილს  გაითვალისწინებს. ამ შედეგით დასრულდა პარტიის  შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან. უმრავლესობა უარს ამბობს, გაითვალისწინოს რეკომენდაცია, მოსამართლეების ნაწილი დაამტკიცოს შემდეგი მოწვევის პარლამენტმა.

“ქართული ოცნების” სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

“2013 წელს ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას მისცა რეკომენდაცია, რომ ღია კენჭისყრა გადასულიყო ფარულ რეჟიმში. ჩვენ ეს გადავიყვანეთ ფარულ მოდელზე. გადაწყვეტილება თავის დროზე მიღებული იყო და ჩვენ ამ გადაწყვეტილების ერთგულნი ვრჩებით. ანუ, ის არგუმენტაცია, რომელიც მაშინ იყო წარმოდგენილი, მნიშვნელოვანი და აქტუალურია დღესაც. შესაბამისად, ვინაიდან, ეს იყო ერთ-ერთი მოსაზრება, რომელზეც ამახვილებდა ყურადღებას ვენეციის კომისია თავის დასკვნაში, ჩვენ ვეთანხმებით 2013 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას და ეს საკითხი კანონპროექტში დარჩება ისე, როგორც არის“,- განაცხადა თალაკვაძემ.