,,ქართული ოცნების” ხელისუფლებაში დარჩენა არ შედის პარტნიორების ინტერესებში- გიორგი კანდელაკი

,,ევროპული საქართველოს” წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებაში დარჩენა არ შედის პარტნიორების – აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში.

მისი განცხადებით, დამოკიდებულება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ,,ქართული ოცნების” მთავრობის მიმართ პრინციპულად შეცვლილია.

,,ქვეყანაში დაძრწიან სპორტსმენები, რომლებიც ცემენ ყველას, ვისაც მოუნდებათ, სახეზეა რეპრესიები და ცხადია, ეს პარტნიორებს არათუ არ მოსწონთ, ისინი არიან გაბრაზებულები. უკვე კონსენსუსი ჩამოყალიბდა დასავლეთში, რომ ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებაში დარჩენა არ შედის მათ ინტერესებში, ისევე როგორც ქართველი ხალხის ინტერესებში”,- აცხადებს ,,ევროპული საქართველოს” წევრი.

კანდელაკი ასევე აღნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნები ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად, თუ ოპოზიციური ლიდერები ციხეში იქნებიან.

,,გაგრძელდება კრიტიკული განცხადებები, წნეხი გაათმაგდება და გაასმაგდება. რანაირად შეიძლება ჩაითვალოს არჩევნები ლეგიტიმურად, თუკი ოპოზიციური ლიდერები ნაწილი არის ციხეში, ვინც უნდა გასწიოს პოლიტიკური კონკურენცია და წარუძღვეს ამომრჩეველს და საკუთარ პარტიებს”,- ამბობს გიორგი კანდელაკი.