“ქართული ოცნების” აქციასთან დაკავშირებით, თბილისის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

დღეს, თბილისში დაგეგმილი საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავი ღონისძიების გამო, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 13 დეკემბრის 14:00 საათიდან, სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აიკრძალა თავისუფლების მოედანზე. ავტომანქანები ალტერნატიული მარშრუტებით იმოძრავებენ. კერძოდ: ბარათაშვილის ხიდიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებების ნაკადი იმოძრავებს რევაზ თაბუკაშვილისა და გია ჭანტურიას ქუჩების გავლით, რუსთაველის გამზირის მიმართულებით.

დიდი ზომის ტრანსპორტისთვის გადაადგილება აიკრძალა ვახტანგ გორგასლის მოედანზე. მსუბუქი ავტომანქანები კი იმოძრავებენ კოტე აფხაზის ქუჩაზე და ვერცხლის ქუჩის გავლით ბარათაშვილის ქუჩაზე გავლენ.

ლადო ასათიანის ქუჩიდან მომავალი სატრანსპორტო ნაკადი ვერ მოხვდება შალვა დადიანის ქუჩაზე. შესაბამისად, ავტომანქანები იმოძრავებენ ოვანეს თუმანიანის ქუჩის გავლით, ვახტანგ გორგასლის მოედნის მიმართულებით.

მერაბ კოსტავას ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანები მობრუნდებიან ყოფილი ფოსტის შენობასთან და გადაადგილებას გააგრძელებენ ელბაქიძის ქუჩის მიმართულებით.

14 დეკემბრის 11:00 საათიდან მოძრაობა აიკრძალება რესპუბლიკის მოედანზე, შესაბამისად, პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან მოძრაობა შესაძლებელი იქნება მერაბ კოსტავას ქუჩის და ელბაქიძის დაღმართის გავლით, მტკვრის ორივე სანაპიროსა და ჩუღურეთის მიმართულებით.

მოძრაობა აიკრძალება რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ ყველა ქუჩაზე: ალექსანდრე ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, 9 აპრილის, ზაქარია ჭიჭინაძის, ლესია უკრაინკას, მესხიას, რევაზ ლაღიძის, ვასო აბაშიძის, გია ჭანტურიას, არჩილ ჯორჯაძის და ანტონ ფურცელაძის ქუჩებზე.

ამასთან, მოძრაობა შეიზღუდება თავისუფლების მოედანზე, პუშკინის ქუჩაზე (ბარათაშვილის ხიდამდე), ასევე, თავისუფლების მოედნის მიმდებარე – გიორგი ლეონიძის, შალვა დადიანის და კოტე აფხაზის ქუჩებზე. ისნიდან მომავალი ტრანსპორტის ნაკადი სვლას გააგრძელებს ორივე სანაპიროზე, ბარათაშვილის ხიდის მარჯვენა და მარცხენა პანდუსის გავლით.

„შეზღუდვა შეეხება ევროპის მოედანს, შესაბამისად, დაიკეტება მეტეხის ხიდი, ევროპის მოედანზე გამავალი ყველა ქუჩა, მათ შორის მეტეხის ქუჩა, ღვინის აღმართი და დუტუ მეგრელის ქუჩა;

მოძრაობა შეიზღუდება ორბელიანის მოედანსა და რევაზ თაბუკაშვილის ქუჩაზე, ელბაქიძის დაღმართამდე.

მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ახვლედიანის მოედანსა და მის მიმდებარე ქუჩებზე.ზემოაღნიშნული აკრძალვის პერიოდში, ავტომანქანებს თავისუფლად გადაადგილება შეეძლებათ ორივე სანაპიროზე, ვასილ პეტრიაშვილის, თამარ ჭოველიძის და დანიელ ჭონქაძის ქუჩებზე.

სატრანსპორტო ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ. საჭიროების შემთხვევაში, მძღოლები პატრულ-ინსპექტორებისგან დამატებით ინსტრუქციას მიიღებენ. ღონისძიების დასრულებისთანავე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.