“ევროპული საქართველოს” შეფასებით, “ქართული ოცნების” მთავრობა მოძალადე და პროპუტინური ჯგუფების წახალისებას და მათთვის ხელის დაფარებას განაგრძობს.
მთავრობის ადმინისტრაციის წინ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას “ევროპული საქართველო” ავრცელებს.
“დღეს მთავრობის კანცელარიასთან მოქალაქეთა ჯგუფს, რომლებიც ადამიანის უფლებებს იცავს, გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდეს. კანონის დაცვის ნაცვლად, ხელისუფლებამ არჩევანის გაკეთება გადაწყვიტა და მოძალადე, პრორუსული ჯგუფების მხარე დაიჭირა.
მთავრობა საკუთარ თავს უფლებას აძლევს, პოლიტიკური ინტერესის შესაბამისად შეუზღუდოს ადამიანებს შეკრების, გამოხატვის და გადაადგილების თავისუფლება.
სამწუხაროდ, ეს არაა პირველი შემთხვევა როცა მთავრობა პოლიტიკურ პარტნიორებად ძალადობრივ ჯგუფებს განიხილავს და მათ უპირატეს მდგომარეობაში აყენებს საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებთან.
“ევროპული საქართველო” მხარს უჭერს ყველა მოქალაქის, მათ შორის ლგბტქ ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას. თავისუფლება საქართველოს ყველა მოქალაქეს ეკუთვნის. ერთი ჯგუფის თავისუფლების შეზღუდვა, ყველას თავისუფლების შეზღუდვაა. თავისუფალი ქვეყანა ისაა, სადაც ყველას და მათ შორის ლგბტქ ადამიანებს აქვთ ღირსეულად და თავისუფლად ცხოვრების შესაძლებლობა”, – აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.