“ქართული ოცნება” მოსამართლეების შერჩევის საკითხზე, მმართველ გუნდთან დაპირისპირებული ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ კანონპროექტზე განცხადებას ავრცელებს. პოლიტსაბჭოს განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ, საკუთარ გუნდთან შეთანხმების გარეშე, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის დებულებებს. ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააცნო.
“საჯარო სივრცეში გრძელდება სასამართლოს საკითხთან დაკავშირებული აქტიური დისკუსია. მმართველმა გუნდმა, რომელიც ყოველთვის უსმენს საკუთარ საზოგადოებას, ამ დისკუსიის ფონზე იმთავითვე მიიღო გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის გადავადების თაობაზე. ამასთან, დაინტერესებული მხარეების ფართო ჩართულობით, დაიწყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურისა და კრიტერიუმების შემუშავება. დაიდო პირობა, რომ კანდიდატები ობიექტური კრიტერიუმების შესაბამისად, ინდივიდუალური და თავისუფალი კენჭისყრის შედეგად დაიკავებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას. უზრუნველყოფილი იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა იუსტიციის საბჭოს მიერ ღია და გამჭვირვალე პროცედურის საფუძველზე, აგრეთვე ანალოგიური ღია და გამჭვირვალე პროცედურის საფუძველზე ჩატარდება მათი არჩევა საქართველოს პარლამენტში. მიუხედავად მმართველი გუნდის ამგვარი მიდგომისა, აღნიშნული დისკუსია, სამწუხაროდ, ხშირად, არაჯანსაღ ხასიათს იძენს.
პარტიის თავმჯდომარისა და მმართველი გუნდის მიერ, გამოითქვა მზადყოფნა, კონსტიტუციურ ფარგლებში, ემსჯელა მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხზე. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ, საკუთარ გუნდთან შეთანხმების გარეშე, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებს, რომლებიც, თავის მხრივ, ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად იქნა შემუშავებული. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ აღნიშნული ინიციატივის ამ ფორმით მიღების შემთხვევაში, საერთო სასამართლოების სისტემაში განახევრდება მოსამართლეთა რაოდენობა და გაღრმავდება პრობლემა სასამართლოების გადატვირთულობისა და საქმეთა განხილვის გაჭიანურების თვალსაზრისით. იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო პარტნიორების დასკვნების თანახმად, მოსამართლეთა რაოდენობა საქართველოში სულ მცირე 100 მოსამართლით გაზრდას, ოპტიმალურ შემთხვევაში კი – გაორმაგებას საჭიროებს, მოსამართლეთა რაოდენობის განახევრება სასამართლო სისტემას მძიმე პრობლემებს შეუქმნის და შესაძლოა, მისი პარალიზებაც გამოიწვიოს. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ცხადია, ეს კანონპროექტი ვერ მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას.
ამავდროულად, ვაცხადებთ სრულ მზაობას, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე, მოვამზადოთ იმგვარი წინადადებები მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხზე, რომლებიც იქნება შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან და ევროსაბჭოს რეკომენდაციებთან, აგრეთვე არ გააღრმავებს პრობლემას სასამართლოს გადატვირთულობის თვალსაზრისით. ამ მიზნით, მივმართავთ ვენეციის კომისიას, ინიციატივის შემუშავების საწყის ეტაპზევე ჩაერთოს აღნიშნულ პროცესში.
მმართველი გუნდი აგრძელებს მუშაობას სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე. სამუშაო პროცესში ჩართულია დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრი, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები – ევროსაბჭოს ოფისის, აშშ-ის საელჩოს, ევროკავშირის და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლები, რისთვისაც მათ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, რეფორმის მეოთხე ფაზა, რომელიც მოიცავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმის, დისციპლინური წარმოებისა და სასამართლოების გადატვირთულობის საკითხებს, დაუყოვნებლივ განახლდება და უპირობოდ დასრულდება მიმდინარე საპარლამენტო სესიის ბოლომდე. ამავე ფორმატში განიხილება მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხიც. მოვუწოდებთ ყველას, ვინც რეალურად არის დაინტერესებული სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის განმტკიცებით, მისი ეფექტიანობის გაზრდითა და სისტემის მიმართ ნდობის ამაღლებით, ღიად და კონსტრუქციულად ჩაერთონ რეფორმის მეოთხე ტალღის შესახებ დისკუსიაში, რომელმაც 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვრის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შემდგომი განმტკიცება უნდა უზრუნველყოს.
მმართველი გუნდი იმოქმედებს სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესების შესაბამისად და შექმნის ყველა პირობას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების უზრუნველსაყოფად”,წერია განცხადებაში.