“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადება

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს:

“გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით წარმოებულ პოლიტიკურად მოტივირებულ კამპანიას და განვაცხადოთ შემდეგი:

ახალს არაფერს ვიტყვით, თუ საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სახელმწიფო, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს “ქართულმა ოცნებამ” სამართავად ჩაიბარა, იყო სახელმწიფო, სადაც ადამიანი სამართალს ვერ იპოვიდა. ყველას გვახსოვს, რომ ტოტალიტარულმა სახელმწიფო მანქანამ სასამართლო ხელისუფლება, უკლებლივ ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტის მსგავსად, საკუთარი რეპრესიული პოლიტიკის სამსახურში ჩააყენა და საზოგადოების დათრგუნვის ერთ-ერთ ინსტრუმენტად აქცია.

ამ ფონზე, ჩვენ, ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაციის განაცხადით ხელისუფლებაში მოსულმა პოლიტიკურმა ძალამ, ამომრჩეველთა განწყობების მიუხედავად და, გარკვეულწილად, ამ განწყობების საწინააღმდეგოდაც კი, უარი ვთქვით სასამართლო სისტემის გარდაქმნის არაკონსტიტუციურ მეთოდზე. ჩვენ უარი ვთქვით სისტემის რევოლუციური წმენდის მანკიერ პრაქტიკაზე და მისი გაჯანსაღების რთული, თუმცა, ერთადერთი კანონიერი გზა ავირჩიეთ – პოლიტიკური წნეხის მოხსნით, სასამართლო ხელისუფლებას მივეცით თვითგამორკვევის საშუალება, რათა პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი ინსტიტუტი კანონის სამსახურში ჩამდგარიყო და, იმავდროულად, მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის საკანონმდებლო უზრუნველყოფის გზით, სისტემის თვისებრივი გაუმჯობესებისათვის მიგვეღწია.

დეტალურად არ შევჩერდებით იმ კომპლექსური რეფორმების ჩამონათვალზე, რაც ამ წლების განმავლობაში სასამართლო სისტემაში განხორციელდა და იმ აზრისგანაც შორს ვართ, რომ ყველაფერი იდეალურად არის. თუმცა, იმის საილუსტრაციოდ, თუ რას მივაღწიეთ ამ რეფორმების შედეგად, რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემს წარმოგიდგენთ, რათა ობიექტური წარმოდგენა შეიქმნას, სად ვიყავით გზის დასაწყისში და სად ვართ ახლა:

– ექვსჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა;

– სამჯერ შემცირდა წინასწარი პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი;

– განახევრდა საგამოძიებო მოქმედებებზე შუამდგომლობების დაკმაყოფილების მაჩვენებელი;

– 18-ჯერ (91 მილიონიდან 5 მილიონ ლარამდე) შემცირდა გირაოს შეფარდების მაჩვენებელი;

– თითქმის 5-ჯერ (229 მილიონიდან 48 მილიონ ლარამდე) შემცირდა ჯარიმების შეფარდების მაჩვენებელი;

– სამჯერ შემცირდა ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი;

– 200-ჯერ გაიზარდა პოლიციისა და სიტი-პარკის წინააღმდეგ საჩივრების დაკმაყოფილების მაჩვენებელი;

– 11-ჯერ (4453-დან 415-მდე) შემცირდა საქართველოდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა.

ქართული სასამართლო სისტემის ასეთი საგრძნობი ტრანსფორმაცია შეუმჩნეველი არ დარჩენიათ მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებს, კერძოდ:

– ზედიზედ მეორე წელია, მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციისა და ვაშინგტონის წამყვანი ანალიტიკური ცენტრის – “ჰერითიჯ ფაუნდეიშენის” კვლევის თანახმად, საქართველოს სასამართლო სისტემა ეფექტიანობით ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-18 პოზიციაზეა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში პირველ ადგილს იკავებს. ამ ორგანიზაციამ მსოფლიო ქვეყნების სასამართლო სისტემები შეაფასა ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა სასამართლოს დამოუკიდებლობა, სასამართლო პროცესების ხარისხი და კეთილსაიმედო სასამართლო გადაწყვეტილებების მიღების ალბათობა. შედეგად, ორგანიზაცია მივიდა დასკვნამდე, რომ ამ პარამეტრებით საქართველოს სასამართლო სისტემა უსწრებს ევროკავშირის 14 სახელმწიფოს – ესპანეთს, იტალიას, პოლონეთს, ხორვატიას, ჩეხეთს, უნგრეთს, მალტას, ლატვიას, საბერძნეთს, კვიპროსს, რუმინეთს, ბულგარეთს, სლოვაკეთს და სლოვენიას.

– იმავდროულად, “მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის” მიერ წარმოებული კანონის უზენაესობის 2017-18 წლების ინდექსის მიხედვით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა და აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე გავიდა სასამართლოს ეფექტიანობის თვალსაზრისით. საქართველო პირველ ადგილზე გავიდა საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს შორისაც.

– მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2018 წლის “გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგის” მიხედვით, საქართველო საზოგადოების დაცულობის მაჩვენებლით, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-15 ადგილზე გავიდა, ხოლო ორგანიზებული დანაშაულისაგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-13 პოზიცია დაიკავა, როდესაც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, 2012 წელს, ამ პარამეტრში 75-ე ადგილით, ყველაზე მაფიოზური ქვეყნების ჯგუფს მივეკუთვნებოდით.

– მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების კვლევაში, 2017 წელს საქართველომ, სახელშეკრულებო დავების განხილვის ეფექტიანობის მაჩვენებლით, მსოფლიოში მე-16 პოზიცია დაიკავა.

სასამართლოს სისტემური გაუმჯობესების გზაზე, უკიდურესად მნიშვნელოვან ეტაპად საკონსტიტუციო რეფორმა იქცა. სწორედ ახალი საკონსტიტუციო მოდელის ამოქმედებას დაემთხვა ის საზოგადოებრივი ვნებათაღელვა, მათ შორის მკვეთრად ნეგატიური პროცესები, რომლებიც სასამართლოსთან მიმართებაში განვითარდა, კერძოდ:

2018 წლის 16 დეკემბერს ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე, ძალაში შევიდა ახალი კონსტიტუცია. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გამოიყენა მისთვის მინიჭებული ახალი უფლებამოსილება და უზენაეს სასამართლოში შექმნილი მძიმე საკადრო კრიზისის დასაძლევად, პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინა 10 მოსამართლის კანდიდატურა. სწორედ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოჰყვა ვნებათაღელვა სხვადასხვა პოლიტიკურ, სამოქალაქო და საზოგადოებრივ ჯგუფებში. მმართველ პარტიაშიც გაჩნდა მოსაზრება, რომ მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ფორმალურად კანონი არ დაურღვევია, ეს გადაწყვეტილება გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენდა. შედეგად, პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, საკითხის განხილვა საგაზაფხულო სესიისთვის გადაედო, რასაც, თავის მხრივ, მხარი დაუჭირა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდა ინიციატივით, რომ პარლამენტი კანონით დაადგენდა მოსამართლეთა წარდგენისა და არჩევის ახალ პროცედურასა და კრიტერიუმებს, რის შემდეგაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე წარადგენდა მოსამართლეთა განახლებულ სიას, ხოლო საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფდა უზენაესი სასამართლოს წევრობის თითოეული კანდიდატის განხილვისა და დამტკიცების სრულიად ღია, ამერიკული სტანდარტის შესატყვის პროცედურას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გასული წლის დეკემბერში წარდგენილმა ათივე მოსამართლეობის კანდიდატმა, სამართლებრივი პრობლემის დაძლევის მიზნით, თავად თქვა უარი საკუთარი კანდიდატურის განხილვაზე.

მიუხედავად იმისა, რომ პროცესმა აბსოლუტურად კონსტრუქციული სახე მიიღო და გაჩნდა შესაძლებლობა, პოლიტიკური, სამოქალაქო და საზოგადოებრივი ჯგუფების მაქსიმალური ჩართულობით შედეგზე ორიენტირებული სამართლებრივი დისკუსია მიგვეღო, სასამართლო ხელისუფლებაზე გაგრძელდა პოლიტიკური შეტევა და მედიაშტურმი, რომლის ავანგარდში ნაციონალური მოძრაობა, მისი სატელიტი პოლიტიკური პარტიები და მასთანვე წლების განმავლობაში შეზრდილი და აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პროფესიული გაერთიანებების მოქმედი თუ ყოფილი ლიდერები ჩადგნენ.

მათი შეურაცხმყოფელი და უკიდურესად დესტრუქციული რიტორიკა და დღის წესრიგი სასამართლოს რევოლუციური წმენდისა და სისტემიდან გარკვეულ მოსამართლეთა არაკანონიერი გზით განდევნისა და დასჯის თაობაზე ცხადყოფს, რომ მიმდინარე პროცესს არაფერი აქვს საერთო სასამართლო სისტემის გაუმჯობესების კეთილშობილურ ამოცანასთან და იგი სრულად წარმოადგენს კონკრეტული ოპოზიციური პარტიის პოლიტიკურ დღის წესრიგზე მორგებულ და ამ პოლიტიკური ძალის მიერ ორკესტრირებულ შეტევას, რომლის მიზანია დასაჯონ ყოფილი ხელისუფლების გავლენებიდან გასული “ურჩი” სასამართლო კორპუსი.

ამ ფონზე, მმართველი პოლიტიკური ძალა ვერ დადგება პროცესებს მიღმა და არ დაუშვებს, ჩვენი – საზოგადოებისა და ხელისუფლების – ერთობლივი მონაპოვარის – თვისებრივად გაუმჯობესებული სასამართლო ხელისუფლების უსამართლო, უკანონო და აბსოლუტურად მიუღებელ დისკრედიტაციას.

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას და საზოგადოებრივ გაერთიანებას, რომლის მიზანია სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა, არ ჩაერთონ არაჯანსაღ პოლიტიკურ დაპირისპირებაში და ხელი შეუწყონ შედეგზე ორიენტირებული დისკუსიის წარმოებას სასამართლო სისტემის შემდგომი გაჯანსაღების თაობაზე.

ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმების განხორციელებას სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის განმტკიცებისა და შემდგომი გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად”, წერია განცხადებაში.