26 მაისს საღამოს ხელისუფლებამ მთაწმინდის პარკში მდებარე კლუბ ანდერვილში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გამართა. მიღებას პრემიერი, პრეზიდენტი, თბილისის მერი და ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდნენ. ივანიშვილს ჟურნალისტების კითხვებისთვის არ უპასუხია, თუმცა პრესსამსახურმა გაავრცელა ჩაწერილი ვიდეო მიმართვა, რომლითაც ქართული ოცნების თავმჯდომარე საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს:
„საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს. სასიამოვნოა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ეს დღე საერთო-სახალხო დღესასწაულად გადაიქცა“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, წლევანდელი წელი შეიძლება განსაკუთრებული იყოს იმით, რომ ხელისუფლებამ ძირითად პრიორიტეტად განათლება გამოაცხადა და უახლოეს წლებში სწორედ განათლებაზე იქნება მიმართული ხელისუფლების ძალისხმევა.
„ჩვენი ხელისუფლების ძირითად პრორიტეტად განათლება გამოცხადდა. მოგეხსენებათ, განათლებას და ცოდნას მოაქვს ჭეშმარიტი თავისუფლება“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.