ქართულმა ოცნებამ ლადო კახაძე მთაწმინდის მაჟორიტარად ოფიციალურად წარადგინა

ქართულმა ოცნებამ მთაწმინდის რაონის პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატად ლადო კახაძე ოფიციალურად მთაწმინდის პარკში წარადგინა. წარდგენისას სცენაზე ავიდნენ და მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს პრემიერ მინისტრმა და თბილისის მერმა.

მამუკა ბახტაძის თქმით დღეს ქართველ ერს სჭირდება კონსოლიდაცია და ერთსულოვნება. კონსოლიდაცია ჩვენი ეროვნული ინტერესების გარშემო. მისი აზრით სწორედ „ქართული ოცნება“ გახლავთ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც შეუძლია დაიცვას ქართული სახელწიფოს ინტერესები და გააერთიანოს ქართული საზოგადოება ამ ინტერესების გარშემო.

“საქართველოს წინაშე არის ძალიან ბევრი და მტკივნეული გამოწვევა. ამ გამოწვევების დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ ერთსულოვნებით და მუხლჩაუხრელი შრომით. ჩემს მეგობრებთან ერთად რამდენიმე კვირის წინ დავაანონსეთ ახალი რეფორმა – ის ეროვნული იდეა, რომელიც აუცილებლად დაგვეხმარება, რომ დავძლიოთ საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევა და ეს არის განათლება. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ დღეს მე ვიმყოფები საზოგადოებაში, რომლისთვის განათლება არის განსაკუთრებული ფასეულობა. შარშან ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნების დროს პირველ ტურში ჩვენი მოქალაქეებისგან მივიღეთ კონკრეტული გზავნილი, რომ ჩვენი საზოგადოება ელოდება სწრაფ და ხელშესახებ შედეგებს და მე მსურს, შეგპირდეთ, რომ ჩვენ აუცილებლად უზრუნველვყოფთ სწრაფ და ხელშესახებ შედეგებს. მთაწმინდა არის გამორჩეული ადგილი ჩვენი ქვეყნისთვის და დედაქალაქისთვის. ჩვენ გამორჩეული უბნისთვის შევარჩიეთ გამორჩეული და ძალიან ღირსეული კანდიდატი – ლადო კახაძე. ლადო კახაძე არის თავის სამშობლოზე და ხალხზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი და მან ეს დაამტკიცა თავისი პროფესიული საქმიანობის დროს. ბევრისთვის ლადო არის პროფესიონალიზმის ეტალონი. ლადო კახაძემ თავისი სამოქალაქო აქტივობით დაამტკიცა, რომ ის ყოველთვის ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზეა, მიუხედავად ნებისმიერი პოლიტიკური სპეკულაციისა და პირადად ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დასაფასებელი თვისება“. – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

კახა კალაძე ამბობს, რომ მთაწმინდის რაიონი თბილისის გულია და საქართველოს ახალი ისტორია, სწორედ აქ, ამ ისტორიულ უბანში იწერება.

“დარწმუნებული ვარ,რომ ჩვენ ყველა ერთად, თითოეული ქართველი, თითოეული მთაწმინდელი, ამ ულამაზესი რაიონის ქუჩებში,შევქმნით ჩვენი ქვეყნის ისეთ ისტორიას, რომელშიც ადგილი აღარასდროს ექნება ძმათა მკვლელ ომს, თუ სამოქალაქო დაპირისპირებას, ადგილი აღარ ექნება ტრიბუნიდან შუღლისკენ მოწოდებებს, ადგილი აღარ ექნება ერთმანეთისკენ ხელის გაშვერას და სწორედ 9 აპრილის იდეალებით ერთმანეთის სიყვარულით და გვერდში დგომით გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქის, ჩვენი უბნის საქმეს. სწორედ ასეთი სულისკვეთებით აღსავსე, სიკეთის მთესველი ადამიანი გვყავს წარმოდგენილი მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატად. ადამიანი, რომლის პროფესიაც პირდაპირ არის დაკავშირებული სიცოცხლესთან და სიკეთის კეთებასთან, ადამიანი რომელსაც სხვა ადამიანზე ცუდს ვერ დააცდენინებ. ის, როგორც ნამდვილი ექიმი, ყველას გადარჩენის, ყველას დაცვის მიზეზს ეძებს და პოულობს კიდეც, რადგან მისი გული სავსეა სიკეთით.

სწორედ ეს მიდგომა, ეს დამოკიდებულებაა ის, რაც ბოლო დროს ჩვენს ყოველდღიურობას და მითუმეტეს პოლიტიკას ძალიან აკლია. ამიტომ, მთაწმინდელებს დეპუტატობის კანდიდატად წარვუდგენთ თავის ქვეყანაზე და თავის ქალაქზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანს. ბატონ ლადო კახაძეს. ბატონო ლადო, თქვენ იცით, რომ მთაწმინდაზე ძალიან ბევრ პროექტს ვახორციელებთ, რადგან მის მდიდარ არქიტექტურულ და კულტურულ მემკვიდრეობას განსაკუთრებული ზრუნვა და მოვლა-პატრონობა სჭირდება. რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის მიმართულებით არსებული პროექტები, ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური პოტენციალის ასათვისებლად და გასავითარებლად.

მთაწმინდა საერთაშორისო ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი რაიონია და ჩვენ თქვენთან ერთად, მთაწმინდის ეკონომიკური პოტენციალი ბოლომდე უნდა ავითვისოთ, რაც არსებითად გაზრდის მთაწმინდის რაიონში მცხოვრები ადამიანების შემოსავლებს. დარწმუნებული ვარ, მთაწმინდელების თანადგომით, თქვენ ღირსეულად გაიმარჯვებთ და თქვენი სახით, თბილისს, მთაწმინდის ოლქს პარლამენტში კიდევ ერთი ღირსეული ქომაგი შეემატება.

თბილისი აუცილებლად იქნება სისოცხლით, ტრადიციებით, კეთილდღეობით სავსე ქალაქი და ამას ჩვენ ყველა ერთად, ერთმანეთის გვერდში დგომით აუცილებლად შევძლებთ!“ – განაცხადა კალაძემ.