ქართულმა ოცნებამ მარნეულში შუალედური არჩევნებისთვის მერობის კანდიდატად ზაურ დარგალი წარადგინა. წარდენას პრემიერ მინისტრი, ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი და სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ესწრებოდნენ.
“ზაურ დარგალი არის მართლაც საამაყო მაგალითი, თუ როგორ უნდა შეძლოს ახალგაზრდა, ეთნიკურად აზერბაიჯანელმა მიაღწიოს ძალიან დიდ წარმატებას თავისი შრომითა და განათლებით.
ზაური მე გავიცანი დაახლოებით 6 წლის წინ და მას შემდეგ ჩვენ ყველანი ვხედავთ მის ძალიან დიდ პროგრესს, წარმატებას. მისი წარმატება მდგომარეობს მის შრომისმოყვარეობაში.
მე მჯერა რომ ზაურ დარგალი იქნება თქვენი საამაყო ქალაქის მერი. ის მოემსახურება მარნეულელ ხალხს, ის იზრუნებს თქვენს კეთილდღეობაზე და მუდამ თქვენს გვერდით იქნება.
რაც შეეხება მის ოპონენტს, მე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ჩვენ მივდივართ მომავლისკენ და არასდროს არ დავბრუნდებით წარსულში. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ წინა ხელისუფლების ხელწერა იყო ჩვენი მოსახლეობის ჩაგრვა, მათ წინააღმდეგ მიმართული არნახული ძალადობა, რომელიც 2012 წელს ჩვენ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით დავამარცხეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ნურავის ნუ ექნება იმედი, ამ უსუსურ ოპონენტებს მივმართავ , რომ ისინი შეძლებენ რაიმე ფრომით შუღლისა და განხეთქილების შემოტანას ჩვენს საზოგადოებაში.
ჩვენ, ჩვენი გუნდი ამას არ დავუშვბეთ და ამ არჩევნებზე ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. კიდევ ერთხელ ვუსურვებ ჩვენს კანდიდატს წარმატებებს, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.“ – ასე მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულელებს.
პრემიერ მინისტრმა კი მარნეულში ხელისუფლების გეგმებზე და პროექტებზე ისაუბრა:
“მარნეული არის აგრარული კუთხე, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქციით ამარაგებს მთელ საქართველოს და თითოეულმა თქვენთაგანმა ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენ სამჯერ გავზარდეთ სოფლის მეურნეობის მხარდამჭერის პროგრამები და სწორედ მარნეული გახლავთ ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი ამ პროგრამების და მე გპირდებით, რომ სოფლის მეურნეობის პროგრამებში კიდევ უფრო მეტ ინვესტიციებს ჩავდებთ და გავასამმაგებთ იმ პროგრამებს, რომლებიც დღეს მოქმედებს თქვენს ლამაზ მუნიციპალიტეტში.
19 მაისს თქვენ აირჩევთ მარნეულში ახალ მერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება თქვენს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების მოგვარებაზე და თქვენივე რჩევით ჩვენ შევარჩიეთ ღირსეული კანდიდატი. ადამიანი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა მარნეულში. თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი, ღირსეული , პატიოსანი და ენერგიით სავსე ახალგაზრდა ზაურ დარგალი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ზაური იქნება ძალიან მაგარი მერი თქვენი მუნიციპალიტეტისთვის და ის ყველა არსებულ პრობლემას გადაჭრის ჩვენთან ერთად. 19 მაისს დარწმუნებული ვარ ზაური მიიღებს თქვენ მხარდაჭერას, ის გაიმარჯვებს არჩევნებში და ამით გაიმარჯვებს მარნეული, ამით გაიმარჯვებს ის, რომ ჩვენ შევძლებთ ერთობლივად კიდევ უფრო მეტი პროექტის რეალიზაციას თქვენს ლამაზ მუნიციპალიტეტში.“ –განაცხადა ბახტაძემ