დეპუტატი, გია ჟორჟოლიანის განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” თავისი მისია ამოწურა და მან ხელისუფლება უნდა დათმოს.
მისი თქმით, ხელისუფლება ვითარების გამოსწორებას ვეღარ შეძლებს და კრიტიკული მოწოდებები მათ მიმართ უშედეგოა.
,,ქართულმა ოცნებამ” თავისი მისია ამოწურა. მან ხელისუფლება უნდა დათმოს. დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან “ქართული ოცნების” მისამართით კრიტიკა, მოწოდებები, რომ მან არსებული ვითარება გამოასწოროს – ფუჭია. ქართველი ხალხი ამ განცხადებების გარეშეც კარგად ხვდება არსებული ვითარების სიმწვავეს და გრძნობს პოლიტიკური ელიტის უუნარობას, გამოასწოროს ვითარება. 2012 წელს საქართველოს ისტორიაში მოხდა უმნიშვნელოვანესი მოვლენა – დამარცხდა რეპრესიული და ავტორიტარული “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმი. ეს მართლაც ისტორიული მოვლენა და “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის დიდი დამსახურებაა, მაგრამ ამით „ოცნებამ“ თავისი მისია ამოწურა“, – ამბობს პარტია ,,სოციალ-დემოკრატების” ლიდერი.
ჟორჟოლიანი ასევე აღნიშნავს, რომ ქართული ოცნება საპროტესტო მოძრაობად დარჩა და მას ლეგიტიმაციას ნაციონალურ მოძრაობასთან დაპირისპირება აძლევს.
,,ეს იყო საპროტესტო მოძრაობა და საპროტესტო მოძრაობადვე დარჩა. დღეს, ხელისუფლებაში მოსვლიდან თითქმის 8 წლის შემდეგაც, ამ პარტიის ლეგიტიმაცია ისევ “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ პროტესტზე დგას. მხილება, კინკლაობა და დაპირისპირება – სამწუხაროდ, ესაა დღევანდელი პოლიტიკის შინაარსი. თუ გვინდა ქვეყანა წინ წავიდეს, განვითარების გზას დაადგეს, ეს პროტესტის ხელისუფლება უნდა შეიცვალოს”,- ამბობს გია ჟორჟოლიანი.