ქართულმა ოცნებამ დღეს ზუგდიდში შუალედური არჩევნებისთვის მერობის კანდიდატი გეგა შენგელია წარადგინა. რიგგარეშე არჩევნები ზუგდიდში 19 მაისს გაიმართება.
კანდიდატის წარდგენას პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ. ზუგდიდში ჩავიდნენ პრემიერი მამუკა ბახტაძე, თბილისის მერი და ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი კახა კალაძე, ოცნების პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, მამუკა ბახტაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი თავად ზუგდიდელების რეკომენდაციით შეარჩია, ის ღირსეული ადამიანი და ღირსეული ზუგდიდელია.
„გეგა არის ძალიან მაღალი პროფესიონალი, რომელსაც აქვს მართლაც უნიკალური გამოცდილება. ვკითხოთ ჩვენს თავს, რა სჭირდება დღეს ზუგდიდს?დღეს ზუგდიდს სჭირდება სწრაფი ეკონომიკური განვითარება და ქალაქში არსებული ეკონომიკური პრობლემების დროული მოგვარება. დარწმუნებული ვარ, გეგა ამას ყველაზე კარგად გააკეთებს.
გეგა არის სუფთა წარსულის მქონე და სუფთა პროფესიული წარსულის ადამიანი, რაც ჩემთვის, ისევე, როგორც თქვენთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია. თქვენ იცით, რომ ჩვენ გადაცდომას არავის ვაპატიებთ და გეგა ამ თვალსაზრისითაც უალტერნატივო კანდიდატია.
მესამე და ყველაზე მთავარი – გეგა არის თავის ქალაქზე უაღრესად შეყვარებული ადამიანი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის, რა სტკივა ზუგდიდს, რა პრობლემებია ქალაქში და როგორ გადაჭრას ისინი. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი, თითოეული ზუგდიდელი მაისში გააკეთებთ ერთადერთ სწორ არჩევანს და ეს არის ქართული ოცნება და გეგა შენგელია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.