ხმაური ლიეჟის კონგრესის სასახლის დარბაზის გარეთ, სადაც ქართველი ემიგრანტებისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა იყო დაგეგმილი შეხვედრის დაწყებამდე დაიწყო. ადამიანების ჯგუფმა, რომლებსაც სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის საწინააღმდეგო პლაკატები ჰქონდათ თან სხდომათა დარბაზში შესვლა სცადა. კონგრესის სასახლეში სააკაშვილის საწინააღმდეგო პლაკატებით მისული ადამიანები რეგისტრაციის გავლას ცდილობდნენ. რეგისტრატორებმა მათ სთხოვეს ეჩვენებინათ პლაკატები, რომლის შეტანასაც აპირებდნენ დარბაზში. მათ უარი თქვეს პლაკატების ჩვენებაზე რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
პირებმა, რომლებიც დარბაზში შესვლას ცდილობდნენ, მედიასთან საკუთარი ვინაობის დასახელება არ ისურვეს.ისინი ამბობდნენ, რომ საქარველოდან ლიეჟში საკუთარი სახსრებით ჩავიდნენ და შეხვედრაში მონაწილეობა უნდოდათ. შეხვედრაზე მისული ემიგრანტების ნაწილს კი არ დაუმალავს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია.
გარეთ მომხდარი დაპირისპირების მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ემიგრანტებთან მაინც შედგა. ქართველი ემიგრანტების შეხვედრაზე ლიეჟში, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის დროს მცირე ინციდენტი მოხდა. დარბაზში თემურ შაშიაშვილი შეიჭრა. მან შეხვედრის ჩაშლა სცადა, თუმცა ის დაცვამ დარბაზიდან გაიყვანა.ინციდენტის მიუხედავად, საქართველოს მესამე პრეზიდენტს სიტყვით გამოსვლა არ შეუწყვიტავს და მან შეკრებილ ქართველებთან საუბარი განაგრძო.
ტელეკომპანია რუსთავი2–ის ინფორმაციით პროვოკატორებმა დარბაზში ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, ხოლო ერთ-ერთი პირი მიხეილ სააკაშვილის მიმართ წყლით სავსე ბოთლის სროლას ცდილობდა.„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ინფორმაციით კი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა წიწაკის სპრეი გაუშვეს. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც თვალებში წიწაკის სპრეი შეასხეს.
კურიერის ინფორმაციით მეორე დღეა ბელგიის ქალაქ ლიეჟში სუსის წარმომადგენლები იმყოფებიან.კურიერის გადამღები ჯგუფი კონგრესის სასახლის უკანა პერიმეტრზე იმყოფებოდა, როდესაც შავ ტანსაცმელში ჩაცმული მამაკაცი შენიშნა, რომელიც „კურიერის“ გადამღებ ჯგუფს ფოტოებს უღებდა. მან ჟურნალისტის დანახვისთანავე ტერიტორია სასწრაფოდ დატოვა.
მსგავსი ტიპის ადამიანების ყოფნა შეინიშნებოდა სხვა ტერიტორიაზეც. ეს ადამიანები უშუალოდ კონგრესის შენობაში, სადაც ქართველების შეკრება იმართება, არ გამოჩენილან და სიტუაციას მიმდებარე ტერიტორიაზე აკონტროლებდნენ, თუმცა კითხვაზე, “რომელი ქვეყნიდან ჩავიდნენ ისინი ლიეჟში,” ან “რომელ დიასპორას წარმოადგენენ” – პასუხების გაცემა არ ისურვეს და ტერიტორიიდან მიიმალნენ.
კურიერის ინფორმაციით ლიეჟში ჩასული სუს-ის ის წარმომადგენლები, ადამიანებზე ახორციელებენ კურირებას, რომლებიც ქართველი ემიგრანტების შეხვედრის ჩაშლას ცდილობდნენ.გარდა ამისა, „კურიერის“ გადამღებმა ჯგუფმა გადაიღო კადრები, თუ როგორ სხედან ავტობუსში ქართველები, რომლებმაც შეკითხვებზე, საიდან არიან და რისთვის ჩავიდნენ ლიეჟში, არ პასუხობენ.
ინციდენტების მიუხედავად სააკაშვილის და ემიგრანტების შეხვედრა მაინც შედგა. სააკაშვილმა ისაუბრა, თუ რა გეგმები აქვს მას საქართველოსთან მიმართებაში.
„ჩვენ გვაქვს ზუსტი მოდელი იმისა, რა უნდა იყოს საქართველო. წაგვართვეს სიტყვა იმედი და წაგვართვეს სიტყვა ოცნება. ყველაფერს გვართმევენ. ოცნება რომ გვესმის ცუდი ასოციაციაა უკვე. ეს არ შეიძლება იყოს ჩვენი ოცნების საქართველო. ივანიშვილმა გამოუცხადა ომი საქართველოს, როგორც ერს. საქართველოს, როგორც საზოგადობას. ივანიშვილის კონცეფცია არის ძალიან მარტივი. ყველა უნდა იყოს დაჩმორებული, ყველა უნდა იყოს ღარიბი და მთელი დოვლათი უნდა იყოს მარტო მის ხელში. ჩემი კონცეფცია არის სრულიად საწინააღმდეგო, საქართველოს უნდა იყოს მდიდარი, თითოეული ქართველი უნდა იყოს მდიდარი და ეს უნდა იყოს გადანაწილებული ყველაზე,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, ყველა ის ემიგრანტი, რომელიც არის საქართველოდან გასული, არის საქართველოს მოქალაქე და მას უნდა ჰქონდეს საქართველოს პასპორტი.
სააკავშილის თქმით, ჯერ საქართველოში არ არის ნიადაგი იმისთვის მზად, რომ ის დაბრუნდეს, თუმცა ეს მალე მოხდება.