საქართველოს მოქალაქე საბერძნეთის ციხიდან დახმარებას ითხოვს. 24 წლის ქალი ჩვილი შვილის მიტოვების შემდეგ ბერძნულმა პოლიციამ დააკავა, მას სიცოცხლის განზრახ მოსპობის მცდელობას ედავებიან. დაკავებული საპატიმროდან წერილს აგზავნის და მომხდარს პოსტ-სამშობიარო აფექტით ხსნის, მას მუხლის შეცვლა და საკუთარ შვილთან შეხვედრა სურს. თემა იმდენად აქტუალურია საბერძნეთში, რომ ბერძნულ მედიაში აქტიურად მსჯელობენ, უნდა დაუბრუნდეს თუ არა დაკავებულ ქალს დედობის უფლება. კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს ადვოკატიც.
ჩვილი კალამატაში ნაგვის ყუთში იპოვეს. ადგილობრივები ყვებიან, რომ დაინახეს ქალიც რომელმაც ახალშობილი დატოვა.
ნაგავში ჩვილის პოვნიდან მალევე პოლიციამ ახალშობილის დედა დააკავა. 24 წლის საქართველოს მოქალაქეს ბრალად მკვლელობის მცდელობა ედება. დანაშაული ბერძნული სამართლის მიხედვით მძიმე კატეგორიის დანაშაულია და თავისუფლების ათ წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
გუშინ ბერძნულ მედიაში ჩვილის დედის წერილი გამოქვეყნდა. ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ ბავშვი უსახსრობისა და მძიმე ემოციური სტრესის გამო დატოვა და ითხოვს მას შვილი არ ჩამოართვან.
განცხადება გაავრცელა შვილის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულის ადვოკატმაც. იურისტი საქმის სასწრაფო გადაკვალიფიცირებას ითხოვს.
კალამატაში მიტოვებული ჩვილის ამბავს ინტენსიურად აშუქებს ბერძნული მედია. სხვადასხვა ტოქ-შოუებში განიხილავენ საკითხს უნდა დაუბრუნდეს თუა არა ჩვილი დედას და უფრო მსუბუქი მუხლით შეიცვალოს საქმის გამოძიება.
სასამართლო სხდომა რამდენიმე დღეში უნდა განახლდეს. პროცესზე ადვოკატი 24 წლის ქართველი ქალის გათავისუფლებას მოითხოვს. ჩვილი ამ დრომდე ათენში ბავშვთა საავადმყოფოში რჩება. მის ჯანმთელობის მდგომარეობას საფრთხე აღარ ემუქრება.