საქართველოში დაბადებული და აშშ-ში მოღვაწე ხელოვანის დავით დათუნას მიერ შექმნილი ვლადიმირ პუტინის პორტრეტი, უცნობმა ბიზნესმენმა 400 ათას დოლარად შეიძინა.
თუ რომელმა ბიზნესმენმა შეიძინა ნამუშევარი არ საჯაროვდება, თუმცა ცნობილია რომ მფლობელი რუსეთის მოქალაქეა.
“20 წლის განმავლობაში რუსეთში არ ვყოფილვარ. აქ ყველაფერი ძალიან შეიცვალა. არა მხოლოდ სტადიონი, ქუჩები, არამედ ხალხიც. ეს პორტრეტი პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე ყოფნისას შემიკვეთეს. უნდა დამეხატა პუტინი, როგორსაც მე ვხედავდი და აღვიქვამდი. ამ შეხვედრაზე, სწორედ ასეთი “ყველაფრისმხედველი” პუტინი დავინახე. მისი ყოფნა თითქმის ყველგან იგრძნობა. სწორედ ეს განცდა მინდოდა აღბეჭდილიყო ჩემს ნამუშევარში,” – განაცხადა დავით დათუნამ.
დავით დათუნამ აღნიშნა, რომ სურათი ეძღვნება ჰელსინკში ტრამპისა და პუტინის შეხვედრას.
“ვფიქრობ ამ ორი პრეზიდენტის შეხვედრამ, შესაძლოა მსოფლიოში მართლაც შეცვალოს რაღაცეები,” – აღნიშნა ნამუშევრის ავტორმა.