ქართველი მწერლები მიხეილ გიორგაძის წინააღმდეგ – მწერლები და გამომცემლები განათლების მინისტრის მოადგილის გადადგომას და მის პასუხიმგებლობას ითხოვენ. მიზეზი მომხდარი ინციდენტია.მიხეილ გიორგაძე წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ჩამოსულ გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტთან დაგეგმილ შეხვედრაზე არ მივიდა. ამ შეხვედრას თავი აარიდა მინისტრმაც.
პოეტი, მთარგმნელი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, გვანცა ჯობავა ყვება, რომ მიხეილ გიორგაძემ შეხვედრის ჩაშლის მიზეზად სომხეთის ოფიციალურ დელეგაციასთან შეხვედრა დაასახელა.
„შევესწარით ფაქტს, რომ მიშა გიორგაძე სამინისტროს შენობიდან გადიოდა, ჩვენ დავუძახეთ მას, რომ ჩვენ ვიყავით მასთან მისულები და შემთხვევით წასვლას ხომ არ აპირებდა, რაზეც შემდეგ რა თქმა უნდა, მოგვესალმა, გაეცნო ჩენს სტუმრებს და გვითხრა, რომ ის ჩვენ ვერ შეგვხვდებოდა, იმიტომ, რომ შეხვედრა ჰქონდა სომხეთის მინისტრთან, ვისთან შეხვედრის გამოც, ცოტა ხნით უფრო ადრე მიხეილ ბატიაშვილმაც ამ შეხვედრაზე უარი განაცხადა. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გაგვიკვირდა და ვუთხარით, რომ მაშინ ჩვენ ვიყავით მასთან მოსული და ეს რანაირად იქნებოდა, რა მოხდებოდა და გვითხრა, რომ მგონი, თქვენ ხარატიშვილი, მეორე მოადგილე შეგხვდებათო, მგონი, რაზეც შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ერთადერთი რეაქცია, თუ შეგრძნება შეიძლება იყო ის, რომ ჩვენ ჩვენი ხელისუფლების ნამდვილად შეგვრცხვა,“ – განაცხადა გვანცა ჯობავამ.
„ეს რაღაც საბავშვო ბაღიც არ არის, ეს არის შეგნებული მავნებლობა ქართული სახელმწიფოს წინაშე,“ -ასე აფასებს პოეტი რატი ამაღლობელი გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტთან დაგეგმილ შეხვედრაზე განათლების მინისტრის არმისვლას.
ამ ფაქტიდან გამომდინარე, რატი ამაღლობელი მიხეილ გიორგაძის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს.
„გაოგნებული ვარ გულწრფელად გითხრათ. ეს რაღაც საბავშვო ბაღიც არ არის, ეს არის შეგნებული მავნებლობა ქართული სახელმწიფოს, არა მარტო ლიტერატურის, არა მარტო კულტურის, არამედ მთლიანად ქართული სახელმწიფოს წინაშე, შეგნებული მავნებლობა. ევროპის იდეა არის მწერლების იდეა და ასეთი ასოციაციების და ყველაზე დიდი მნიშვნელობა და ყველაზე დიდი ძალა და ყველაზე დიდი პრესტიჟი სწორედ ასეთ ასოციაციებს აქვს და მათთან ორი თვით ადრე დაგეგმილი შეხვედრიდან ასე ვთქვათ, გაპარვა, მე არ ვიცი, რა არის, რა ტიპის მავნებლობაა, ჯერ კიდევ ბოლომდე ჩამოყალიბებული აზრი და უნდა დასრულდეს პასუხისმგებელი პირების თანამდებობიდან წასვლით,“ – აცხადებს რატი ამაღლობელი.
მწერალი ლაშა ბუღაძე კი თვლის, რომ მინისტრის მოადგილეს მწერლებთან და გამომცემლებთან შეხვედრის ეშინია.
„პირდაპირი მნიშვნელობით გვემალება ბატონი მინისტრის მოადგილე გიორგაძე, რომელიც შემჩნეული გვყავს ტყუილებში, სიცრუეში და ასე ვთქვათ, რაღაც პროპაგანდისტულ, მწირ სიცრუეებში. არის ჩამოსული ბევრი სტუმარი, მათ შორის, მსოფლიო წიგნის გამავრცელებელთა და გამომცემელთა ასოციაციის პრეზიდენტი, რომელთანაც დათქმული იყო შეხვედრა და პირდაპირ გაეპარა ამ ადამიანს, იმიტომ, რომ დაინახა ქართველი გამომცემლები, რომლების შეკითხვების, საყვედურებს, რომ თავი დავანებოთ, შეეშინდა. ეს არის ძალიან სამარცხვინო, ეს არის ადამიანი დილეტანტი, იმიტომ, რომ ეს არის დილეტანტიზმია, მავნებლობა, მავნებლური დილეტანტიზმი, როდესაც საქმიან შეხვედრას ასე გაურბიხარ იმიტომ, რომ ეშინია მწერლებთან და გამომცემლებთან შეხვედრის,“ – განაცხადა ლაშა ბუღაძემ.
მწერლებმა დღეს პრესკონფერენციაც გამართეს და მიხეილ გიორგაძის გადადგომა მოითხოვეს.
„მე პირადად უზრუნველყოფ, რომ გიორგაძეს გავატაროთ ტრენინგები, თუ როგორ უნდა მოიქცეს სტუმრებთან შეხვედრის დროს“–განაცხადა მწერალმა პაატა შამუგიამ.
შეხვედრასთან დაკავშირებით გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ხელმძღვანელმაც გააკეთა კომენტარი.ის ამბობს, რომ მომხდარით შოკირებულია და ასეთი შეხვედრის ჩაშლა არასერიოზულ საქციელად მიაჩნია.
გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ხელმძღვანელები წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში საქართველოში ჩამოვიდნენ. ჩამოსვლამდე მათ მიხეილ ბატიაშვილთან შეხვედრის შეთანხმება მოინდომეს, თუმცა ჩამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე წერილი მიიღეს, რომ მინისტრი მათ ვეღარ შეხვდებოდა და სტუმრებს მინისტრის მოადგილე, მიხეილ გიორგაძე უმასპინძლებდა. შეხვედრა დილით, 10:30–ზე უნდა შემდგარიყო, თუმცა მიხეილ გიორგაძე შეხვედრაზე არ მივიდა. შეხვედრის მიზანი განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბარი იყო.