ქეთა თოფურიასა და A-Studio-ს კონცერტი აღარ ჩატარდება

როგორც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელს კლუბ UP2U-ს მფლობელმა ირაკლი ფირანიშვილმა განაცხადა, ბათუმში ქეთა თოფურიასა და ჯგუფ A-Studio-ს კონცერტი აღარ ჩატარდება.  27 ივლისს ჩანიშნული კონცერტის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი ვითარებას უკავშირდება.

როგორც ირაკლი ფირანაშვილი აცხადებს, რუსული ჯგუფის კონცერტზე დასასწრებად 1000-ზე მეტი ბილეთი იყო გაყიდული.

„ორშაბათს დავდებთ ალტერნატიულ ვარიანტს. Bob Sinclar-ს ან Moloko-ს, ზუსტად არ ვიცით, ჯერ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. იმ ხალხს, ვისაც A-Studio-ს კონცერტზე დასასწრებად ბილეთები ჰქონდათ შეძენილი, შეეძლებათ იმ ბილეთით აღნიშნულ საღამოზე დასწრება. იმ შემთხვევაში თუ სხვა კონცერტით ჩანაცვლების სურვილი არ აქვთ, მიმართონ tkt.ge-ს და ბილეთებში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ“, – აცხადებს კლუბის მფლობელი.

ჯგუფი A-Studio და მისი სოლისტი ქეთა თოფურია წლებია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერ კონცერტებში მონაწილეობენ. 2018 წელს მომღერალი წინასაარჩევნოდ გავრცელებულ მხარდამჭერ კლიპშიც მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან ანტიოკუპაციური აქცია #სირცხვილია უკვე 2 კვირაზე მეტია მიმდინარეობს პროტესტი საქართველოში რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტსა და პარლამენტის სავარძელში დაჯდომას მოყვა. ამის გასაპროტესტებლად პარლამენტთან აქცია გაიმართა. 20-21 ივნისის ღამეს სპეცრაზმმა აქცია ძალის გადამეტებით დაშალა. შედეგად დაშავდა ასეულობით და დასახიჩრდა ათეულობით ადამიანი. მეორე დღიდან დემონსტრანტები შს მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.