ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარი ტრაგედიის დეტალები

ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ვრცელდება. ბინა, სადაც დღეს 7 მამაკაცი გარდაცვლილი იპოვნეს წლების განმავლობაში გაქირავებული იყო. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ქეთევან წამებულის გამზირზე 49 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი ალექსანდრე მურადოვს 2011 წლიდან ეკუთვნოდა და აქირავებდა. 2018 წლის 9 მარტს ამ ბინაში დამონტაჟებულ გამათბობელს ბუნებრივი აირი გადაუკეტეს. თუმცა ბუნებრივი აირის მიწოდება ალექსანდრე მურადოვმა თვითნებურად აღადგინა, რის შემდეგაც ბინა გააქირავა.

ბინის მფლობელი, ალექსანდრე მურადოვი ისნის პოლიციის განყოფილებაში, დაკითხეს. დაკითხვისას გულის შეტევა დაემართა. სასწრაფო გადაუდებელი დახმარება პოლიციის განყოფილებაშივე აღმოუჩინეს. გამოძიებას აინტერესებდა ვინ აღადგინა გაზმომარაგება ბინაში, სადაც ყაზტრანსგაზმა ბუნებრივი აირის უსაფრთხოების წესების გამო 2018 წლის 9 მარტს გადაკეტა.

წინასწარი მონაცემებით გარდაცვალების მიზეზი CO-ს დაგროვება გახდა. შვიდი დაღუპული თბილისში მშენებლობაზე სამუშაოდ რაიონებიდან ჩამოვიდნენ. შვიდივე მათგანი “ლიბერთი ბანკის” მშენებლობაზე მუშად მუშაობდა. მათ ქეთევან წამებულის გამზირზე ერთოთახიანი ბინა ერთი თვის წინ იქირავეს.

გარდაცვლილებიდან ორი მამა-შვილია, ორი ძმა, ერთი კი 19 წლის ახალგაზრდაა, რომელიც თბილისში სამუშაოდ ცოტა ხნის წინ ზესტაფონის სოფელ არგვეთადანჩამოვიდა. როგორც მეზობლები ამბობენ, მამაკაცებს დამსაქმებელმა სახლში მას შემდეგ მიაკითხა, რაც ისინი სამსახურში არ მივიდნენ. ადგილზე მისულს შვიდივე უგონო მდგომარეობაში დახვდა, თუმცა მათი დახმარება ვეღარ შეძლო, რადგან ყველა უკვე გარდაცვლილი იყო. როგორც ირკვევა, გარდაცვლილთაგან ერთ–ერთი ბანაობდა და CO–ს გაჟონვა ამ დროს მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, CO-ს გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი შვიდივე ადამიანის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.გამოძიება დაწყებულია სსკ-ს 240-ე მუხლის პრიმა მუხლით, რაც ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.