დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი შესაძლოა „ქართული ოცნებიდან“ გარიცხონ. ინფორმაციას ამის შესახებ “პრაიმტაიმი” ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, მმართველი გუნდის რამდენიმე წევრმა ეს საკითხი გუნდში უკვე დააყენა, რასაც პოლიტსაბჭოს წევრთა უმრავლესობა დაეთანხმა.
ზაქარია ქუცნაშვილი მართლმადიდებური საპარლამენტთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორი იყო, რომლის ფარგლებში თბილისში რუსი დეპუტატებიც ჩამოვიდნენ.
დღეს დილას რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტში სპიკერის ადგილი დაიკავა და სხდომის მონაწილეებს მიმართა.
ამ ფაქტს ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. “ევროპული საქართველოს” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ტრიბუნა დაიკავეს და ასამბლეის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.
ცოტა ხანში მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ასამბლეის სხდომის გამართვა რუსი დეპუტატის მონაწილეობით შეცდომა იყო და ის პარლამენტში აღარ ჩატარდება.