საგარეო საქმეთა სამინისტროდან დიპლომატების მიმოწერამ გაჟონა. „კურიერმა“ მოიპოვა წერილი, საიდანაც დგინდება რომ გავრილოვის, ქუცნაშვილის და მართლმადიდებელ დეპუტატთა ასამბლეის საშიშ თამაშებზე, დიპლომატიური კორპუსი, საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ 2 წლის წინ აფრთხილებდა. თამარ გრძელიძე საქართველოს იმდორინდელი ელჩი ვატიკანში წერილში წერს, რომ ქუცნაშვილის გამოსვლები მართლმადიდებლურ ფორუმზე საშიშია და ქვეყნის ეროვნულ ინტერებს ურტყამს.
თამარ გრძელიძე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ვატო მახარობლიშვილს წერილს 2017 წელს წერს. ის ქუცნაშვილის გამოსვლის შემდეგ იძულებული გახდა, რომ დეპუტატის მხრიდან გახმოვანებული გზავნილებიდან გამომდინარე საფრთხეებზე ესაუბრა.
ზაქარია ქუცნაშვილს დიპლომატი ასევე აკრიტიკებს იმის გამო, რომ ის ასამბლეაზე რუსულ ენაზე საუბრობს და არა მშობლიურზე, სხვა გამომსვლელების მსგავსად. მისივე თქმით, ქუცნაშვილმა კრიზისის გადალახვის ქრისტიანულ გზებზე ისაუბრა.
გრძელიძის ინფორაციით, ქუცნაშვილმა ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის როლზე ისაუბრა. მან პატრიარქ კირილს მადლობა იმის გამო გადაუხადა, რომ თითქოსდა, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებისდა მიუხედავად, პატრიარქი ლოცვაში საქართველოსთან ერთად მოიხსენიებდა.
„ისაუბრა ბატონმა ზაქარიამ გლობალური კრიზისის გადალახვის ქრისტიანულ გზებზე. მან ბრძანა, რომ კრიზისიდან გამოსვლაში, სწორედაც რომ, ქრისტიანული მიდგომა დაგვეხმარება, საამისოდ დაასახელა სამი ფაქტორი. შემდეგ ისაუბრა ლტოლვილების თემაზე და საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა მძიმე მდგომარეობაზე. მისი დისკურსი აგებული იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის მიმართ დიალექტიკურ მიდგომაზე რუსულ სინამდვილეში: რუსეთის სახელმწიფო აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის საქართველოსგან დამოუკიდებლობას, ხოლო მოსკოვის საპატრიარქო განაგრძობს ამ ტერიტორიაზე საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის იურისდიქციის აღიარებას. ამ კონტექსტში ბატონმა ზაქარიამ მადლობა გადაუხადა პატრიარქ კირილეს. ეს ყოველივე კი გაჟღერებული იყო რუსულ ენაზე (რომელსაც იგი სრულყოფილად არ ფლობს). საინტერესოა, რომ ამ, ვითომდა საერთომართლმადიდებლურ, ფორუმზე ყველა საკუთარ ენაზე ლაპარაკობს: პირად საუბარში ბატონ ზაქარიასთან ვცადე იმის დამტკიცება რომ დეფაქტო სიტუაცია აფხაზეთში განსხვავდება მოსკოვის საპატრიარქოს მიერ გაკეთებული განცხადებებისგან, თითქოს იგი აღიარებდეს აფხაზეთის საქართველოს იურისდიქციაში ყოფნას, ხოლო ოსეთის ე.წ. მთავრობას პატრიარქი კირილე მისალოცებს უგზავნის. იმის გათვალისწინებით, რომ პატრიარქი კირილე რუსეთის მთავრობის განუყოფელ ნაწილად მოიაზრება, მძიმე მოსასმენია, რომ საქართველოს მთავრობის მმართველი გუნდის წარმომადგენელი მას მადლობას უხდიდეს,“ – აღნიშნულია წერილში.
მაშინ, როდესაც ზაქარია ქუცნაშვილი მადლობებს იხდიდა, რუსეთის პოლიტიკური ლიდერები ამ მართლმადიდებლურ ფორუმებზე, პირველ რიგში, კრემლის პოზიციების დაცვით იყვნენ დაკავებული. მათ შორის დიპლომატი თამარ გრძელიძე იხსენებს შემთხვევას, როდესაც რელიგიურ შეკრებაში მონაწილე კონსტანტინე ზატულინმა მსოფლიოში და განსაკუთრებით სირიაში რუსეთის სამშვიდობო როლის შესახებ ვრცლად ისაუბრა.
„ასამბლეა დიდად არ შეცვლილა ამ წლების მანძილზე, მას რუსი და ბერძენი პარლამენტარები უძღვებიან. იგი რეგულარულად იმართება სხვადასხვა ქვეყანაში. პარლამენტარები იყენებენ ამ ფორუმს საკუთარი ქვეყნების პოზიციების დასაფიქსირებლად. მაგალითად, რუსეთის დუმის წვერმა კონსტანტინე ზატულინმა გუშინ ვრცლად ისაუბრა რუსეთის სამშვიდობო როლის შესახებ მსოფლიოში და განსაკუთრებით სირიაში, სადაც ხალხი უკვე საკუთარ კერას უბრუნდება,“ – აღნიშნულია წერილში.