ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელსაც დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა, 3-თვიანი დუმილი დაარღვია და განმარტა, რატომ იყო რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოყვანა საქართველოში მნიშვნელოვანი.
ქუცნაშვილმა პრესკონფერენციაზე მართლმადიდებლური ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“ეხლაც მიმაჩნია რომ საქართველომ უნდა ითანამშრომლოს მართლმადიდებლური ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეასთან.
ჩემთვის და თქვენთვის ცნობილია რომ საქართველო ბევრის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრია, მათი უმეტესობა არის ევროპული სახელმწიფოების გაერთიანება, ესენია ეუთო, ევროპის საბჭო და ა.შ. მართლმადიდებლური ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეა ერთადერთი ასამბლეაა, რომელიც 4 კონტინენტის 25 სახელმწიფოს აერთიანებს და მისი მოქმედების არეალი უფრო ფართეა, ვიდრე ევროპული სახელმწიფოების გაერთიანების, შესაბამისად ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებას, რაშიც ყველაზე მოწყვლადი რეგიონების ყველაზე მოწყვლად სივრცეებს წარმაოდგენენ აფრიკის, აზიის და ევრაზიის კონტინენტის ქვეყნები, სადაც წარმოდგენილი ეს ორგანიზაცია ამიტომ ჩემთვის ამ ორგანიზაციაში მუშაობა და ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებისათვის”-განაცხადა ქუცნაშვილმა.
ქუცნაშვილმა ასევე ის მიზეზი განმარტა, თუ რატომ დუმდა ის მთელი 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.
“არ მინდოდა საზოგადოებას დარჩენოდა შთაბეჭდილება, რომ მანდატის დათმობას ვებღაუჭებოდი ან მირთულდებოდა ამ გადაწყვეტილების მიღება, აქედან გამომდინარე ველოდებოდი პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომ შემიწყვეტდა უფლებამოსილებას და მხოლოდ ამის შემდეგ ჩავთვალე საჭირო ჩემი სიმართლის გამოქვეყნება”-განმარტა ქუცნაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ზაქარია ქუცნაშვილმა დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პარლამენტს 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ მიმართა.
20 ივნისს ასამბლეის სხდომა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან რუსულ ენაზე წაიყვანა. ფაქტს საპარლამენტო ოპოზიციისა და საზოგადოების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა. ზაქარია ქუცნაშვილი ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო.