ქურდობის და ყაჩაღობის მაჩვენებლის ზრდა მძიმე სოცილურ ფონს უკავშირდება

პარლამენტში მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა დღეს აღიარა, რომ ქვეყანაში გაუარესებული კრიმინოგენული ვითარება ძირითადად საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს – ქურდობას და ყაჩაღობას უკავშირდება. ამის ერთ–ერთი მიზეზი კი მინისტრის მოდაგილის თქმით მძიმე სოციალური ფონია. შს მინისტრის მოადგილის თქმით, 80%-იანი ზრდა საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე მოდის.
მეზვრიშვილი მოუწოდებს მედიას და პოლიტიკოსებს, არ მოახდინონ ამ პრობლემით სპეკულირება.
„საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული გაზრდილია, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. 80% ზრდის, სწორედ საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებებზე მოდის და ძირითადად ეს არის ქურდობა, მათ შორის ეს არის წვრილმანი ქურდობა ჩადენილი არასრულწლოვნების მიერ. მიზეზები სხვადასხვაა, მათ შორის არის სოციალური ფონი. ზოგიერთ შემთხვევაში ეს არის სოციალური ფონი და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით გააზრებული იყოს სისხლის სამართლის პოლიტიკა.
ზოგადად ამ დანაშაულის გახსნა არც ისე მარტივია, დანაშაული ფარული ხასიათისაა, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ გახსნისთვის პრაქტიკული მექანიზმები დავნერგოთ, მაგალითად, როგორიცაა კამერების დამონტაჟება მთელი საქართველოს მასშტაბით,”-განაცხადა მეზვრიშვილმა.