ქურდული სამყაროს სახელით სტომატოლოგიური კლინიკისთვის ფულის გამომძალველი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ს. ქურდული სამყაროს წევრობის და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ე.წ. ქურდული სამყაროს სახელით, სისტემატურად სძალავდა ფულს რუსთავში მდებარე ერთ-ერთი კერძო სტომატოლოგიური კლინიკის მფლობელს, თანხის არ მიცემის შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და ქონების განადგურებით, ასევე, სტომატოლოგიური კლინიკის იძულებით დახურვით ემუქრებოდა.

კლინიკის მფლობელი გამომძალველს სხვადასხვა ოდენობის თანხას სისტემატურად უხდიდა. მიმდინარე წლის თებერვალში კი მან დახმარებისთვის სამართალდამცველებს მიმართა.

პოლიციამ, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად, გ.ს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის და გამოძალვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი და 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.დანაშაული 7–დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.