ქუთაისის ტორპედოს პრეზიდენტი გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფს

გუშინ ტელეკომპანია მაესტროს ეთერში საუბარი იყო საფეხბურთო მატჩების გარიგებაზე, სადაც დრო ქუთაისის ტორპედოსაც დაეთმო. ერთ-ერთმა მოწვეულმა სპორტულმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ კლუბის პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ გუნდის მთავარ მწვრთნელ კახა ჩხეტიანს მატჩების გარიგების წინადადებით მიმართა და ამგვარი შეთავაზებები მისგან ახალი არ იყო. 

ამის კომენტარს კლუბის პრეზიდენტი ზაალ ჩაჩავა გამოეხმაურა: “ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში დღეს ერთ-ერთი სპორტული ჟურნალისტის მიერ, რომელიც გადაცემაში სტუმრად იყო მიწვეული, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. პათოსი იყო ასეთი – კლუბში მისვლისას მე, ზაალ ჩაჩავამ, გუნდის მთავარ მწვრთნელ კახა ჩხეტიანს მატჩების გარიგების წინადადებით მივმართე. აბსურდული ბრალდების უპასუხოდ დატოვებას ნამდვილად არ ვაპირებ. უახლოეს დღეებში საჭირო პირებთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, ვაპირებ ჟურნალისტს ცილისწამებისთვის ვუჩივლო.მსგავსი რამ არასდროს მომხდარა და აზრადაც კი არ მომსვლია კახა ჩხეტიანისთვის ოდესმე ეს მეთქვა. სამწუხაროა, მაგრამ სწორედ ასეთი ადამიანები ცდილობენ თავისი პროვოკაციებით იმიჯი შეულახონ როგორც კლუბებს და იქ დასაქმებულ ადამიანებს, ასევე სფფ-ს დიდ შრომას.”

კახა ჩხეტიანი (ქუთაისის ტორპედოს მთავარი მწვრთნელი): “ტელეკომპანია “მაესტროს” დღევანდელ ეთერში გარიგებული მატჩებისადმი მიძღვნილი გადაცემა გავიდა, სადაც სხვადასხვა სტუმრები იყვნენ მიწვეულნი.გადაცემის მიმდინარეობისას ერთ-ერთმა სპორტულმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ზაალ ჩაჩავამ კლუბში მოსვლის შემდეგ მატჩების გარიგება შემომთავაზა, რაზეც, მისი თქმით, ჩემგან უარი მიიღო.ლოგიკურია, რომ ამ ბრალდებას და ცილისწამებას უპასუხოდ ვერ დავტოვებდი. მსურს, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ მსგავსი რამ არასდროს მომხდარა – ზაალ ჩაჩავას ჩემთვის მატჩების გარიგება არ შემოუთავაზებია! უფრო მეტიც, ის არასდროს ჩარეულა ე.წ. საფეხბურთო საკითხებში, იქნებოდა ეს ფეხბურთელის მოყვანა/გაშვება, შემადგენლობის დაყენება თუ სხვა…”