ქუთაისში მედიასაშუალებებმა “ოცნების” დეპუტატ ნანა კოსტავას ბოიკოტი გამოუცხადეს

ქუთაისში მოქმედი მედიასაშუალებები, ქუთაისის საკრებულოს წევრს, ნანა კოსტავას ბოიკოტს უცხადებენ. ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ, საკრებულოს დეპუტატის მიერ სიძულვილის შემცველ განცხადებებს გმობენ და ადგილობრივ თვითმმართველობას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

,,ჩვენთვის სიძულვილის ენით საუბარი დაუშვებელი და კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, ქუთაისში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლები ვგმობთ ,,ფრაქცია ქართული ოცნება -კონსერვატორების თავმჯდმარის“ ნანა კოსტავას ბოლო დროს გაკეთებულ ქსენოფობიურ, ჰომოფობიურ და სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს. მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება და დეპუტატს ბოიკოტს ვუცხადებთ. ნანა კოსტავას აღარ მიეცემა საშუალება გამოიყენოს ქუთაისში არსებული საინფორმაციო პლათფორმა. მოვუწოდებთ საკრებულოს შესაბამისი რეაგირებისკენ“ – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ქუთაისის საკრებულოს წევრმა ნანა კოსტავამ სოციალური ქსელის მეშვეობით სიძულვილის შემცველი ტექსტი გაავრცელა, რამაც საზოგადოების პროტესტი გამოიწვია.

“კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” – ამ წარწერით სოციალურ ქსელში “ქართული ოცნებიდან” ქუთაისის საკრებულოს წევრმა ნანა კოსტავამ სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა. პოსტის გამოქვეყნება ზუსტად იმ დროს მოხდა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ლაგოდეხში ექსკურსიაზე მყოფი სალომე ბარკერის და მდინარემ წაიღო.

ამ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ნანა კოსტავა მისივე ფეისბუქ გვერდზე ბევრმა მომხმარებელმა გააკრიტიკა და მის საქციელს “სამარცხვინო” უწოდა. თავად დეპუტატმა განაცხადა, რომ მან მომხდარის შესახებ არ იცოდა, მაგრამ დამატებით მაინც განმარტა რომ – “იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის და რაღაცნაირად ბოროტი ძალებისგან გადაუხადეს სამაგიერო.”