ქართული ოცნების დეპუტატის, სიმონ ნოზაძის აზრით, ქვეყანა სწორი მიმართულებით ,,ბორძიკებს” და სხვა ალტერნატიული ხელისუფლება, რომელიც უკეთ განავითარებდა საქართველოს, არ არსებობს.
,,მოდით, მე ჩემ აზრს ასე დავაფიქსირებ: ქვეყანა ბორძიკებს, მაგრამ ბორძიკებს სწორი მიმართულებით. მე სხვა გამოსავალს, სხვა ხელისუფლებას, რომელიც უკეთესად წაიყვანდა საქართველოს, მის დემოკრატიულობასა და დამოუკიდებლობას უზრუნველყოფდა, ჯერჯერობით ამის მონახაზი არ არსებობს. იმ ოპოზიციურ-პოლიტიკურ სპექტრში, რომელსაც ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია ჰქვია, მე სხვა ძალას ვერ ვხედავ,” – ამბობს ნოზაძე.
ოცნების დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ NDI-ს კვლევებს ანგარიშს უწევს, თუმცა გააჩნია როგორ სვამენ ისინი კითხვებს.
,,მე NDI-სთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს, მათ კვლევებს ანგარიშს ვუწევ, მაგრამ გააჩნია, რომელი ორგანიზაცია ატარებს ამ კვლევებს, როგორ უსვამენ კითხვებს და ა.შ. მთლიანად ქვეყანა, რა თქმა უნდა, სწორი მიმართულებით მიდის,”- აცხადებს სიმონ ნოზაძე.
ცნობისთვის, ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დღეს ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხევით, გამოკითხულთა 64% მთავრობის მუშაობას უარყოფითად აფასებს, 30% კი კარგად.