ქვეყანაში ტამიფლუს ახალი მარაგი ჩამოვიდა

{{ARTICLEIMAGE}}დაავადებთა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა უკვე მიიღო და სააფთიაქო ქსელებში გაანაწილა ანტივირუსული პრეპარატის, “ტამიფლუს “ 13 000 დოზა. პროცესს დღეს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო დაესწრო. მინისტრის თქმით ეს მარაგი სრულიად საკმარისი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოთხოვნა გაიზრდება.
„ჩამოვიდა “ტამიფლუს” დამატებითი რაოდენობა. ეს არის 13 000 კოლოფი, 13000 სამკურნალო დოზა. უკვე დაიწყო მისი გადანაწილების პროცესი. გადანაწილება ხდება სამი მიმართულებით. პირველია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები რაიონებში, რომლებიც აქამდე გასცემდნენ მხოლოდ რისკ-ჯგუფებზე. ისინი ხვალ 12:00 საათამდე იმუშავებენ განსაკუთრებულ რეჟიმში, იმისათვის რომ აფთიაქებს მიეცეს საშუალება ხვალ 12:00 საათამდე რაიონებში სრულყოფილად აამუშაონ დისტრიბუცია. მეორე მიმართულებაა აფთიაქები, რომელთა ჩამონათვალს და ლოკაციას გამოვაქვეყნებთ ჯანდაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე. ცხელ ხაზზე – 1505, ნებისმიერ დროს შესაძლებელია ამ ინფორმაციის მიღება. აფთიაქების საშუალებით გაცემა დაიწყება დღეს 8-9 საათიდან თბილისის მასშტაბით და ხვალ 12 საათიდან რაიონებში. მესამე მიმართულება არის საოჯახო მედიცინის ცენტრები თბილისში, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ამ 5 ცენტრს უკვე ახლა გააქვთ საკმაო მარაგი და 6 საათისთვის “ტამიფლუს” უკვე პაციენტებზე გასცემენ. ეს მარაგი საკმარისი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოთხოვნა გაიზრდება. თუმცა ჩვენ თავს ვიზღვევთ და უკვე ვუკვეთავთ, რომ ერთ კვირაში დამატებითი მარაგი მივიღოთ”, – განაცხადა სერგეენკომ.