“ქვეყნის დალაგება ჩვენი საკითხი არ არის” – მეუფე ანტონმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში დავით გარეჯში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.
“აქამდე არ უნდა მისულიყო საქმე. როგორც ჩანს, მთავრობას რაღაც გამოეპარა. სასულიერო პირი ვარ და ვერ განვსჯი სასულიერო უწყებებს. ქვეყნის დალაგება ჩვენი საკითხი არ არის. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვტკივა. ჩვენ ისეთივე მოქალაქეები ვართ ამ ქვეყნისა, როგორც თითოეული თქვენგანი. ჩვენ, რომ სასულიერო პირები ვართ, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვეხება სამოქალაქო საკითხები. სასულიერო პირამდე ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ”, – განაცხადა მეუფემ ანტონმა.
შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის კომპლექსში ვითარება 1 კვირის წინ დაიძაბა, როცა აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მონასტრამდე მისასველი გზა ჩაკეტეს. სამონასტრო კომპლექსში შემავალ აღდგომის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კელიებში ტურისტებს და დამთვალიერებლებს 4 დღის განმავლობაში არ უშვებდნენ.
არქიმადრიტმა კირიონმა და პოლიტიკური პარტიების ნაწილმა ეს ფაქტი დავით გარეჯში პრეზიდენტის ვიზიტს დაუკავშირა.სალომე ზურაბიშვილი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში 20 აპრილს იმყოფებოდა.