ქვიარ აქტივისტმა, ნიკა წიქარიშვილმა ერთ-ერთი პოლიციელის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით შსს-ს გენინსპექციას მიმართა.
წიქარიშვილი იმ პოლიციელის დასჯას ითხოვს, რომელმაც მას და მის მეგობარს ლგბტ დროშის გაშლის საშუალება არ მისცა.
ინფორმაციას ფაქტის შესახებ თანასწორობის მოძრაობა ავრცელებს.
“იგი მოითხოვს, რომ სამართალდამცავებს დააკისრონ დისციპლინური პასუხისმგებლობა არაეთიკური ქცევის გამო. ნიკა წიქარიშვილის ინტერესებს თანასწორობის მოძრაობა იცავს.
2019 წლის 17 მაისს, ნიკა წიქარიშვილს თავისუფლების მოედანზე ერთერთი ტელევიზიისთვის უნდა მიეცა ინტერვიუ ლგბტ დროშის თანხლებით. თუმცა პოლიციელებმა იგი გვერდით გაიყვანეს, შემდეგ ხელები გადაუგრიხეს. ნიკამ მოახერხა და ვიდეო ჩაიწერა, თუმცა პოლიციელებმა მას ტელეფონი წაართვეს და ვიდეო წაშალეს,”-ნათქვამია “თანასწორობის მოძრაობის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.