ოპოზიცია თიბისის საქმეში მმართველი პარტიის ლიდერის, ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის კვალს ხედავს. საპარლამენტო უმრავლესობას კი ეროვნული ბანკის ქმედების სისწორეში ეჭვი არ შეაქვს. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი რუსეთის ინტერესებზე მიუთითებს და ამ კონტექსტში ანაკლიის პორტის მშენებლობასთან ავლებს პარალელს. საფინანსო ინსტიტუტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში უარყოფით კონტექსტზე მიანიშნებს ექსპერტთა ნაწილიც. თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში უცნაურ ფაქტს ხედავს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში, ლუის ნავაროც. ამერიკელი ექსპერტი ამბობს, რომ საფინანსო ინსტიტუტიდან მამუკა ხაზარაძის ჩამოშორების მოთხოვნა ზედმეტია მაშინ, როდესაც ჯერ სასამართლოს ბიზნესმენის ბრალეულობაც არ დაუდგენია.
“უცნაურია თიბისიდან მამუკა ხაზარაძის ჩამოშორების მოთხოვნა მაშინ, როდესაც სასამართლოს ჯერ ბრალეულობაც არ დაუდგენია. რაც ახლა ხდება, ეს არის სამართლებრივი დევნა მედიის გამოყენებით. ეს პროცესი შეშფოთებას ზრდის იმასთან დაკავშირებით, რა არის სამართლებრივი დევნის რეალური მიზეზი, რომელსაც მთავრობა თიბისი ბანკის წინააღმდეგ ახორციელებს, რაზეც საფრანგეთის ელჩიც მიუთითებდა”,განუცხადა ლუის ნავარომ Newsreport.ge-ს.