რა დაწერა სინამდვილეში უტიაშვილმა და როგორ გაავრცელეს მისი სტატუსი ინტერპრეტირებულად

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის შოთა უტიაშვილის სოციალურ ქსელში გამოთქმულ მოსაზრებას საზოგადოების ნაწილის მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.

შოთა უტიაშვილის სახლთან გუშინ რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა და მისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. აქციაზე როგორც გაირკვა, მათ უმეტესობას სტატუსი საერთოდ არ ჰქონდათ წაკითხული და მხოლოდ მის ინტერპრეტირებულ ვარიანტს იცნობდნენ. მათ განაცხადეს, რომ უტიაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა გმირებს და ქართველ ხალხს.

რა დაწერა სინამდვილეში შოთა უტიაშვილმა და რა ინფორმაცია გაავრცელეს ე.წ. ტროლებმა იმისთვის, რომ უტიაშვილისა და ეკა კვესიტაძის სახლთან ხალხის მობილიზება მოეხდინათ.

ერთ-ერთი მათგანი ნათია ბერიძეა, რომელმაც უტიაშვილის სტატუსი ინტერპრეტირებული სახით გაავრცელა და ისე წარმოაჩინა, თითქოს უტიაშვილის ომის მომხრე იყო.

“ხალხისთვის ცოტა რთული გასაგებია, მაგრამ ომი ქვეყნის გადარჩენის ერთედერთი გზაა.. განვითარებისთვის ცოტაოდენი ტერიტორიის გაცემა და დათმობა გიწევს”-წერია სტატუსში, რომელიც სინამდვილეში უტიაშვილს არ ეკუთვნის.

„​აგვისტოს ომმა, თავისი ყველა პლიუს-მინუსით, საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა. თითქმის ათი წელი, რუსეთი ვერ ახდენდა ჩვენზე, ფაქტობრივად, ვერანაირ ზეწოლას. იცოდნენ, რომ საქართველოს დაჩმორება იოლი არ იქნებოდა.
დღეს უკვე, ეს მსხვერპლი წყალშია გადაყრილი. მოსკოვმა მოახერხა, და ქართული ოცნების უთავმოყვარეობის, პანიკიორობისა და არაპროფესიონალიზმის წყალობით, მიაღწია იმას, რომ ივანიშვილს რასაც უნდა, იმას გააკეთებინებს.
უმარტივესი ილეთით, სანქციების მუქარით, მერე მისი შემსუბუქების იმედის მიცემით, საზღვართან ჩატარებული სამხედრო წრთვნებით, კრემლმა სრულიად ამოაგდო კალაპოტიდან საქართველოს მთავრობა.
აგერ შედეგიც, ყველაზე მნიშვნელოვანი პროდასავლური პროექტი, ანაკლიაის პორტი, გაყინეს, ყველაზე დიდი პროდასავლური ორგანიზაცია – რუსთავი 2 დაანგრიეს, და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.
დასავლეთს კი, ჯერჯერობით, სძინავს“-წერია შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსის შოთა უტიაშვილის სტატუსში.

“ეს ქალბატონი ყანდიაშვილის ბრიგადირი ტროლია. უფრო მეტიც, ის ერთ-ერთი მოწმეა 20 ივნისის სახელმწიფო გადატრიალების საქმეში. ეს პოსტი, რასაც ის ავრცელებს ჩემი სახელით, თავიდან ბოლომდე მათ მიერვე შექმნილო ბოდვაა”-განაცხადა უტიაშვილმა პირზე, რომელმაც მისი სტატუსი გაავრცელა.