„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ გაზეთ „ალიასა“ და „ჯეო თაიმსს” დავა მოუგო. დეპუტატი გამოცემას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებდა და საჩივარი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოში ჰქონდა შეტანილი. ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ ზემოთაღნიშნულმა ორმა მედიასაშუალებამ დეპუტატის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაცია მიზანმიმართულად გაავრცელა.
“სადავო მასალებში კონკრეტულ ფეისბუქ გვერდზე დაყრდნობით ნათქვამი იყო თითქოს დეპუტატმა შვილმოკლული მამის, ზაზა სარალიძის შესახებ ნეგატიურად ისაუბრა. თავად რომ გოცირიძე ამტკიცებდა, რომ მსგავსი რამ მას საეთოდ არ უთქვამს.
ქარტიის საბჭომ საქმის განხილვის შემდეგ დაადგინა, რომ ალიამ და ჯეოთაიმსმა დაარღვიეს სიზუსტე (პირველი პრინციპი) და ფაქტები განზრახ დაამახინჯეს (მეთერთმეტე პრინციპი). გარდა ამისა, ალიას დაუდგინდა მეხუთე (შესწორება) პრინციპის დარღვევაც”-აღნიშნულია ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სტატია ამ დრომდე „ალია“-ს ვებ-გვერდზე დევს. გაზეთის რედაქტორს ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ სურს. შემდგომი რეაგირებისთვის დეპუტატი ჩივილს სასამართლოშიც გეგმავს. რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ მსგავსი ქმედებები დაუყოვნებლივ უნდა იქნას აღკვეთილი და მათ გამავრცელებლებს გარშემომყოფებმა მორალური დისკომფორტი უნდა შეუქმნან.
„ქარხანა არსებობს ეგეთი ტროლების, იცით, შექმნა „ Facebook“ პოსტი ჩემი, ყალბი და აი, ეს „ Facebook“ პოსტი ყალბი შემდეგ გადაამრავლა „ალია“-მ და ჯორჯიან თაიმზ“-მა და მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის, რომ ეს არის საშინელი სიყალბეა, დღემდე დევს ეს მათ ვებ გვერდზე. ყველა ასეთი უმსგავსობა უნდა ამხილოს ადამიანმა, რომ მათ ჰქონდეთ მორალური დისკომფორტი, მათ რეალურად სირცხვილის გრძნობა უნდა აწუხებდეთ, არ უნდა მიესალმონ მეგობრები, ნათესავები, საზოგადოებაში ისინი უნდა იყვნენ ფურთხის ღირსი,“- განაცხადა დეპუტატმა.
საქმე ეხება სტატიას, რომლის მიხედვითაც დეპუტატმა თითქოს და „ Facebook“ სტატუსი გამოაქვეყნა, რომელიც ზაზა სარალიძის მიმართ შეურაცხმყოფელ ფრაზებს შეიცავდა. რომან გოცირიძემ თავიდანვე აღნიშნა, რომ ეს ბინძური ჭორი იყო და მსგავსი სტატუსი არასდროს დაუწერია.
ალიამ დამახინჯებული ინფორმაცია 10 ივნისს გაავრცელა და მასალა ვებგვერდზე დღემდე ხელმისაწვდომია.
“საბოდიშო „ალიას“ არაფერი აქვს. რაც შეეხება სასამართლოში ჩივილს, მიბრძანდით, ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოს კარი თქვენთვის ღიაა.”-წერს გაზეთი
„ალია“.