საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებით, დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეზღუდულია.
მოძრაობა აკრძალულია თავისუფლების მოედანზე და მასზე შემომსვლელ და გამსვლელ ყველა ქუჩაზე (შ.დადიანის, კოტე აფხაზის და გ.ლეონიძის ქუჩებზე), ასევე ვარდების მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ ყველა ქუჩაზე.
მოძრაობა, ასევე, აკრძალულია მარჯვენა სანაპიროდან ბარათაშვილის ქუჩაზე ამსვლელ პანდუსზე და ავტოსატრანსპორტო საშუალებებს მოძრაობა შეეძლებათ ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით. ბარათაშვილის დაღმართიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები კი, ბარათაშვილის ხიდზე გადასვლის შემდგომ, იმოძრავებენ მხოლოდ იუსტიციის სახლის მიმდებარედ ჩამსვლელ პანდუსზე, მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით.
ავტომანქანები რომლებიც გადაადგილდებიან მთაწმინდის მიმართულებით, იმოძრავებენ მელიქიშვილის ქუჩაზე, პეტრიაშვილის ქუჩის გავლით, საიდანაც მოძრაობას ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით გააგრძელებენ.
მოძრაობის შეზღუდვები შსს-ს განცხადებით, 27 მაისიდან, სრულად მოიხსნება და ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.