ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კვირიდან დღემდე იტალიიდან ჩამოსული ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
მისივე თქმით, პაციენტს კლინიკურად შედარებით მძიმე ნიშნები აქვს, ვიდრე დანარჩენ სამს. იგი 44 წლის მამაკაცია.
„დღეს დილის 11 საათის მდგომარეობით ჩვენს ცენტრში არის 25 პაციენტი. აქედან 11 პაციენტს ჩაუტარდება ტესტირება.
რაც შეეხება დადასტურებულ შემთხვევას, განსხვავებით იმ სამი შემთხვევისგან, ამ პაციენტის მდგომაროება კლინიკურად შედარებით მძიმეა. მას გამოუვლინდა 38,5 ტემპერატურის სიცხე“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
კითხვაზე, სად იმყოფებოდა მეოთხე პაციენტი ამ დღეების განმავლობაში, მარინა ეზუგბაიამ უპასუხა, რომ იგი კვირიდან დღემდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
„თვითიზოლაციაში იმყოფებოდა კვირიდან-დღემდე. ოჯახის წევრებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი დააკვირდება. ეს არის კლინიკურად მძიმე შემთხვევა, 38 ნახევარზე მეტი აქვს ტემპერატურა. აღენიშნება ქვედა სასუნთქი სისტემის მძიმე დაზიანება, რაც ახასიათებს ამ ვირუსს“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსი მეოთხე შემთხვეა გამოვლინდა. დაინფიცირებულს იტალიაში მოგზაურობის ისტორია აქვს.