რა პირობებში იმყოფებოდა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობის დროს

,,პირველი 3 დღე უფანჯრო კარცერში გავატარე, შემდეგი 2 დღე იზოლატორში მომიწია ყოფნა, სასამართლოს შემდეგ კი – წინასწარი დაკავების განყოფილებაში”, – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, პატიმრობის დროს სამარტოო საკანში იმყოფებოდა და სასეირნოდაც მარტო გაჰყავდათ.

რაც შეეხება ციხის თანამშრომლებს, ექიმის თქმით, ისინი ნორმალურად ექცეოდნენ და აგრესიულობით არ გამოირჩეოდნენ. ,,განსაკუთრებული ზეწოლა და ცუდი დამოკიდებულება მე იქ არ მიგრძვნია. პირიქით, ოსი სამართალდამცველები აღშფოთებულები იყვნენ იმით, რომ რუსი მესაზღვრეები პატიმრებს სცემდნენ”, – ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ციხის საკვებს არ მიირთმევდა და თვე-ნახევრის განმავლობაში ოსი მოსახლეობის გზავნილებით გაჰქონდა თავი. ,,თვე-ნახევარი მე ვიყავი ამ მოსახლეობისგან შემოსული გზავნილების ხარჯზე. ციხის საჭმელი მე იქ არ მიჭამია. ჩემ სახელზე შემოდიოდა ეს გზავნილები და მათ მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო, რომ ჩემ გამო შეწუხდნენ და დიდი ბოდიში მოვუხადო, რომ ისინი ჩემ გამო შეაწუხეს. იგივე სიტყვები ვთქვი იქ და იქაურმა მედიამ, შეიძლება, თავიანთი ინტერპრეტაცია მისცეს”,- განაცხადა პრესკონფერენციაზე ვაჟა გაფრინდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს. ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში ადანაშაულებდნენ, თუმცა გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ ის საქართველოში იმყოფებოდა. საოკუპაციო რეჟიმმა ის დღეს დილით გაათავისუფლა.