{{ARTICLEIMAGE}}
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო 2017–2018 წლებში საქართველოს პარლამენტის დეპუტატებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ მიღებული საჩუქრების ნუსხას აქვეყნებს. თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის შედეგად არასამთავრობო ორგანიზაციამ იმ დეპუტატების სია შეადგინა, რომლებმა უახლესი დეკლარაციების თანახმად (2017–2018) მსხვილი საჩუქრები მიიღეს.
კანონის მიხედვით თანამდებობის პირებს საჩუქრის მიღება არ ეკრძალებათ, თუმცა მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები.
1. საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 15%–ს, ხოლოდ ერჯერადად მიღებული საჩუქრებისა 5%–ს.
2. თანამდებობის პირი ვალდებულია დეკლარაციაში მიუთითოს მისი/მისი ოჯახის წევრის მიერ მიღებული საჩუქარი, რომლის ღირებულება 500 ლარს აღემატება.
არსებობს გამონაკლისი შემთხვევაც. საჩუქრად არ ითვლება საჯარო მოსამსახურისთვის, მისი ოჯახის წევრისთვის ახლო ნათესავის მიერ უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გადაცემული ქონება, თუმცა ეს არ ათავისუფლებს თანამდებობის პირს ახლო ნათესავისგან მიღებული საჩუქრის დეკლარირების ვალდებულებისგან.
დეპუტატებს დამატებით შეზღუდვას უწესებს პარლამენტის წევრის ქცევის კოდექსი. დეპუტატი ვალდებულია მიღებულ საჩუქრებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდოს პარლამენტის ეთიკის საბჭოს.
არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით დეკლარაციის ფორმაში, სადაც დეპუტატმა საჩუქრის შესახებ ინფორმაცია უნდა შეავსოს არ არსებობს გრაფა სადაც მიეთითება საჩუქრის გადამცემი პირის ვინაობა, მაშინ, როცა კანონი პირდაპირითხოვს დეკლარაციაში ასეთი პირის ჩაწერას. დეკლარაციების შესწავლის საფუძველზე გამოვლინდა, რომ ხშირად დეპუტატები საჩუქრის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა გრაფაში უთითებენ, თუმცა არცერთ შემთხვევაში საჩუქრის გამცემის ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ ჩანს.
გარდა ამისა ორგანიზაციის შეფასებით ახლო ნათესავებისგან მიღებულ საჩუქრებზე ზედა ზღვრის არარსებობა ქმნის საფრთხეს, რომ თანამდებობის პირებმა ამ გზით კანონს გვერდი აუარონ, და ეს “ხვრელი“ აკრძალული შემოსავლის დამალვის ან გათეთრებისთვის გამოიყენონ. საერთაშორისო გამჭვირვალობა გამოდის რეკომენდაციით, კორუფციული რისკების გათვალისწინებით საჯარო სამსახურის ბიურომ განსაკუთრებით შეისწავლოს დეპუტატების მიერ ახლო ნათესავებისგან მიღებული ფულადი საჩუქრები.