ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებზე პოზიციები განსხვავებულია და შეთანხმება ვერც დღეს იქნა მიღწეული.
ქართული მხარემ საოკუპაციო რეჟიმს კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ ჩორჩანასა და წნელისის მიმდებარედ, დე ფაქტო “სამხრეთ ოსეთის” საგუშაგო ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა განთავსებული.
„ჩვენ კიდევ ერთხელ წარვადგინეთ ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია და განვუმარტეთ შეხვედრის მონაწილეებს, რომ სტანდარტული პოლიციის საგუშაგო მოწოდებულია მხოლოდ იმისთვის, რომ ადგილზე სტაბილურობა უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს უსაფრთხოების გარემოს გაჯანსაღებას. ასევე ხაზი გავუსვით იმას, რომ ნებისმიერი ქმედება, რაც უკანონოდ წარიმართება აღნიშნულ ტერიტორიაზე, ეს არის უსაფრთხოების გარემოსთვის დამაზიანებელი. კიდევ ერთხელ პრინციპულად მოვითხოვეთ, რომ ამგვარი ქმედებისგან ყველამ შეიკავოს თავი და ამგვარი ქმედებები აღიკვეთოს. პოზიციები კვლავ დიამეტრალურად განსხვავებულია. შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული”, – განაცხადა ანთაძემ.
მიუხედავად ამისა, ანთაძე ამბობს, რომ მოლაპარაკების რესურსი არსებობს და ამაზე საოკუპაციო რეჟიმიც თანხმდება. მისივე თქმით, კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა 13 სექტემბერს გაიმართება.
„შევთანხმდით, რომ აუცილებელია დიალოგის გაგრძელება სიტუაციის ნორმალიზაციისთვის. ამის მიზნით გადავწყვიტეთ, რომ პარასკევს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართოს“, – განაცხადა ანთაძემ.
მისივე თქმით, ჩორჩანასთან საპოლიციო საგუშაგოსთან მიმართებით ხელისუფლების პოზიცია უცვლელია.
„საგუშაგო დგას და აგრძელებს ფუნქციონირებას ჩვეულებრივ რეჟიმში. წნელისის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ პროცესებზე კი გამოხატულია პრინციპული პოზიცია, რომ აღნიშნული ქმედებები უკანონოა, ყველა სამუშაო უნდა იქნას შეჩერებული და შექმნილი იყოს ყველა წინაპირობა იმისა, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ თავი იგრძნოს მშვიდად“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
ვითარება ადმინისტრაციულ საზღვარზე ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს აგების შემდეგ დაიძაბა. ცხინვალის დეფაქტო რეჟიმმა ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ულტიმატუმი წაუყენა.ოსური მხარე სოფელ ჩორჩანას არსებული საპოლიციო საგუშაგოს აღებას ითხოვდა.