რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთმა შესაძლოა საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვა გააუქმოს, თუ საქართველოს მთავრობა სიტუაციას დაარეგულირებს და აღმოფხვრის საფრთხეებს რუსეთის მოქალაქეების მიმართ. ამის შესახებ ლავროვმა რუსულ გამოცემა “АиФ”-თან განაცხადა.
ლავროვმა აღნიშნა, რომ საქართველოში რუსოფობიას რადიკალური ძალები ნერგავენ და ეს საზიანოა თავად საქართველოსთვის და ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ ქართულმა საზოგადოებამ ქართველი ტელეწამყვანის გიორგი გაბუნიას ქმედება დაგმო.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მასიმედი აქვს რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში ვითარებას დაასტაბილურებს და რუსების მიმართ არსებულ საფრთხეებს აღკვეთავს.
„ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობა საქართველოს შიდაპოლიტიკური საქმეა და რუსეთი მასში ჩარევას არ აპირებს. თუმცა, არ შეიძლება, არ გვაშფოთებდეს ქართული პოლიტიკური ელიტის ზოგიერთი რადიკალურად განწყობილი წარმომადგენელი, რომლებიც რუსოფობიური განწყობის გაძლიერებასა და ჩვენი ხალხების წაჩხუბებას ცდილობენ. ასეთი მოღვაწენი ნაკლებად ფიქრობენ იმ ზიანზე, რომელსაც საკუთარი ქმედებებით თავიანთ ქვეყანას აყენებენ ეკონომიკური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით,
ჩვენ ველოდებით,საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ დროულად გააცნობიერებენ, რომ ანტირუსული ისტერია აზარალებთ,ასევე მნიშვნელოვანია მთავრობამ საკუთარ თავში იპოვოს იმის ძალა, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეკომპანიის მიერ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ სამარცხვინო გამოხტომა დაგმოს“, – განაცხადა ლავროვმა.
სერგეი ლავროვის განმარტებით, თუ ყველა პირობა შესრულდება, რუსეთის მიერ მიღებული ზომები გადაიხედება, მათ შორის შორის, ავიამიმოსვლასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, 8 ივნისიდან რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა.