რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ოჯახს გააცნეს

{{ARTICLEIMAGE}}

პანკისის სპეცოპერაციის ფარგლებში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, ადვოკატთან ერთად, კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნას გაეცნო. ექსპერტიზას უნდა დაედგინა, რა მდგომარეობაში იყო მისი შვილი – თემირლან მაჩალიკაშვილი მაშინ, როცა სპეცრაზმელმა ესროლა და შეეძლო თუ არა მას წინააღმდეგობის გაწევა. მარიამ კუბლაშვილი ამბობს, რომ სამსხარაულის ექსპერტებმა ბოლომდე ვერ გაბედეს, სიმართლე დაეწერათ. ადვოკატის ინფორმაციით, ექსპერტიზის მიხედვით, თემირლან მაჩალიკაშვილის თავი ბალიშზე ოდნავ წამოწეული იყო, ხოლო სხეულის მდგომარეობას ზუსტად ვერ ადგენენ. კუბლაშვილი ფიქრობს, რომ მსგავსი დასკვნით, შეეცადნენ საქმისთვის კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება შეეძინათ.

“სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები სხეულის მდგომარეობას ვერ ადგენენ. საკითხის გადაწყვეტა ექსპერტებმა ვერ შეძლეს. თუმცა, აქ მნიშვნელოვანია მეორე მომენტი – უტყუარად შესაძლებელს ხდიან და უტყუარად დადასტურებულად თვლიან, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის თავი იყო ვიზირების ხაზის ქვემოთ, ლოგინის თავთან, ანუ, სადაც არის დაზიანება – თავის მდგომარეობას ზუსტად გვიდგენენ”.

მარიამ კუბლაშვილი მოუწოდებს საქმის გამომძიებელსა და საქმის ზედამხედველ პირებს მიიღონ სამართლიანი გადაწყვეტილება.

მამის მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, წარმოდგენილი დასკვნა მას არ აკმაყოფილებს, თუმცა ამ დასკვნითაც დადასტურდა, რომ სროლის დროს თემირლან მაჩალიკაშვილს თავი არ წამოუწევია.

“ვიცი, გარშემო რა სიბინძურე და რა ტყუილები ტრიალებს. ყველაზე მთავარი – თემირლანს თავი არ აქვს წამოწეული და ამ ფაქტს ეს ნაძირალა ხელისუფლება, ეს სისტემა ვერ გაურბის. ეს ყველაფერი იმ სპეცრაზმელმა იცის, იმ სპეცრაზმელმა ისეთი დანაშაული ჩაიდინა, საქართველოს ისტორიაში ბადალი არ აქვს, მე მგონი დაფიქრდება, მე მგონი დღეს მე მიყურებს”.

დღესვე მაჩალიკაშვილმა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამასთან ერთად იმ მუქარაზე ისაუბრა, რომელიც შვილმოკლული მამების თქმით, მათი მისამართით გამოითქვა. მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ პარლამენტის შენობასთან, სადაც ისინი რამდენიმე თვეა, მკვლელების დასჯას მოითხოვენ, ვაკე-საბურთალოს განყოფილების უფროსი მივიდა და  განუცხადა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო დაიჭერენ.  ასევე გააფრთხილეს, რომ რამდენიმე თვის წინ, აქციაზე მომხდარ კარვების გაშლის მცდელობასა და დაპირისპირებაზე სასამართლო პროცესი გაიმართება, თუმცა, როდის ეს უცნობია.

“გამესაუბრნენ, თავაზიანად გავესაუბრე, ხელი ჩამომართვეს, ახალი წელიც მივულოცე. გამაფრთხილეს, რომ სასამართლო შედგება”,-აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. მისი ინფორმაციით საქმე აძღრულია ზაზა სარალიძის საქმის ნაწილში იმ ინციდენტზე, რომელიც კარვის დადგმის ერთ-ერთ მორიგ მცდელობას მოჰყვა:“ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ პროვოკაციაზე წამოვეგეთ მე და ზაზა. იქ, რაღაც სიტყვიერი შეურაცხყოფა გაგვიკეთებია. ზაზა იქ რომ ცუდად გახდა და მართლა კრუნჩხვები დაემართა, მე გამწარებულმა მგონი შევაგინე. არც ვიცი. ჩემს ჩვევაში არ არის არც შეგინება და არც უწმაწური სიტყვების ხმარება. შეიძლება, იქ რაღაცა წამომცდა. აქედან გამომდინარე, ვითომ სასამართლო მედავება. იმას კი არ ედავებიან, რატომ არ აძლევდით ამ ადამიანებს კარვის დადგმის უფლებასო, აქეთ მე მედავებიან, დიახ”,განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შვილმოკლული მამები პროტესტის შეწყვეტას არც 2019 წელს აპირებენ. ახალი წლის ღამეც  მალხაზ მაჩალიკაშვილმა და ზაზა სარალიძემ საკანონმდებლო ორგანოსთან გაათენეს. თუმცა სამართლის პოვნის იმედი აღარ აქვთ.

ერთი წელი პანკისის სპეცოპერაციიდან:”ბოლო იმედიც ამომეწურა”