{{ARTICLEIMAGE}}
წმინდა სინოდის განჩინება საზოგადოებას ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა გააცნო. განჩინების თანახმად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, ასევე კონსტანტინოპოლისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოს შორის არსებულ ურთიერთობებზე მწუხარებას გამოხატავს. მეუფე დავითმა ასევე აღნიშნა, რომ წმინდა სინოდის სხდომაზე კრებამ იმსჯელა და განაჩინა შემდეგი: მართლმადიდებელ ეკლესიაში შექმნილი დაძაბული ვითარებისა და უკრაინაში მიმდინარე პროცესების შესახებ მსჯელობა, წმინდა სინოდის შემდგომ სხდომაზე გაგრძელდება”.
უფრო კონკრეტულად, განჩინების თანახმად, მისასალმებელ სიტყვაში პატრიარქმა თქვა, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიაში დღეს დაძაბული ვითარებაა შექმნილი:
“მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო იმას, რაც მოხდა უკრაინაში, კონსტანტინოპოლისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოებს შორის. უკრაინაში უკიდურესად დაიძაბა სიტუაცია, არ არის ერთი აზრი, ერთსულოვნება. რუსეთის ეკლესიამ შეწყვიტა მსოფლიო პატრიარქის მოხსენიება, გაწყვიტა ევქარისტიული კავშირი, რადგან მსოფლიო საპატრიარქომ დაიწყო პროცედურები, უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისათვის, რითაც უფრო გაღრმავდა არსებული კრიზისი, რაც მწუხარებას იწვევს ჩვენში. ეკლესიას ისტორიის მანძილზე ჰქონია მრავალი განსაცდელი და ღვთის მადლით დაუძლევია. იმედს გამოვთქვამთ, რომ ღვთის ძალით აღდგება ძმური ერთობა ეკლესიებს შორის“,აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.