20-21 ივნისის მოვლენები, სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი დარღვევები, მედია გარემო და შრომის უფლებები – საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი ადამიანის უფლებების 2020 წლის ანგარიშს აქვეყნებს.
დასკვნაში ნათქვამია, რომ 2019 წელი საქართველოში, პოლიტიკური დაძაბულობით და საარჩევნო რეფორმის შესახებ ხანგრძლივი საპროტესტო გამოსვლებით გამოირჩეოდა. დეტალურად არის აღწერილი 20 ივნისს, რუსეთის დეპუტატის სერგეი გავრილოვის პარლამენტში გამოჩენით დაწყებული საპროტესტო აქცია და მისი დაშლა. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მთავრობამ ივნისში გადაჭარბებული ძალა გამოიყენა დიდწილად არაძალადობრივი საპროტესტო აქციის დასაშლელად, დააკავა და სხეული დაუზიანა უამრავ ადამიანს, თუმცა ანგარიშვალდებულების საკითხი ძირითადად ცალმხრივად დააყენა.
პოლიციამ თავდაპირველად თავშეკავება გამოიჩინა, თუმცა დაახლოებით შუაღამისას, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, მათ მომიტინგეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და შეკრებილი ადამიანები დააკავეს. დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი და 32 ჟურნალისტი. ბევრ მშვიდობიან მოქალაქეს რეზინის ტყვიებისგან მიყენებული დაზიანებები აღენიშნება თავზე, ფეხებსა და ზურზე. ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა. შემდეგ ხელისუფლებამ ანგარიშვალდებულების საკითხი დიდწილად ცალმხრივად დააყენა. მასობრივი არეულობის გამოძიებისას ბრალი წარედგინა სულ მცირე 19 დემონსტრანტს და მხოლოდ 3 პოლიციელს, თუმცა 3 -ივე მათგანი გირაოთი გათავისუფლდა. პროკურატურამ დაზარალებულად აღიარა 67 პოლიციელი და მხოლოდ 4 მოქალაქე. სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკის შემდეგ კი დაზარალებულის სტატუსი ნოემბერში კიდევ სამმა ადამიანმა მიიღო,“- ნათქვამია ანგარიშში.
Human Rights Watch-ი თვლის, რომ სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი კანონდარღვევის დაუსჯელობა, საქართველოში გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ანგარიშში ნათქვამია, რომ დაფინანსების არარსებობის გამო, ხელისუფლებამ ორჯერ გადადო სახელმწიფო ინსპექტორის ოფისის ამოქმედება, რომელიც 2018 წელს სამართალდამცავი ორგანოების და სხვა საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაკვლევად შეიქმნა. ორგანიზაცია სახალხო დამცველის აპარატის საქმეებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის დევნა არ დაწყებულა არცერთ შემთხვევაზე, რომელიც ომუცმენის აპარატმა პროკურატურას გადაუგზავნა.
„სექტემბრისთვის ომბუდსმენის აპარატმა მიიღო 54 საჩივარი ციხის პერსონალის ან პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ და შუამდგომლობით მიმართა პროკურატურას 52 საქმეზე გამოძიების დაწყების შესახებ. სისხლისსამართლებრივი დევნა არცერთ შემთხვევაზე არ განხორციელებულა,“ – ვკითხულობთ დოკუმენტში.
2020 წლის ანგარიშში მოხვდა რუსთავი 2-ის საქმეც. Human Rights Watch-ი მიიჩნევს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ ივლისში მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომელმაც რუსთავი 2-ის მფლობელობასთან დაკავშირებულ საქმეში სამარტლიანი სასმართლოს გარანტიის დარღვევა ვერ აღმოაჩინა, მედია სივრცე შეარყია. საუბარია რუსტავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას და ტვ პირველის დამფუძნებლის მამის ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებებზეც. ორგანიზაცია აცხადებს, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ ეს ნაბიჯები დამოუკიდებელ და კრიტიკულ მაუწყებლებზე ზეწოლად შეაფასა.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის ყოველწლიურ დასკვნაში პრობლემურ საკითხებს შორის სახელდება მკაცრი ნარკოპოლიტიკა, ლგბტ თემის დისკრიმინაცია და შრომის უსაფრთხოების არასაკმარისად დაცვა. Human Rights Watch-ი აცხადებს, რომ საქართველოში არსებული სუსტი რეგულაციები და შრომის პრაქტიკა ძირს უთხრის დასაქმებულების უსაფრთხოებას. ორგანიზაციას მაგალიტად ჭიათურ მანგანეზში არსებული ვითარება მოჰყავს, სადაც მუშები მიწის ქვეშ 15 დღე გადაბმულად 12 საათის განმავლობაში მუშაობენ, რაც ორგანიზაციის შეფასებით, სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევების ალბათობას ზრდის.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის ყოველწლიურ 30-ე ანგარიშში 100-მდე ქვეყანაში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობაა შეფასებული. Human Rights Watch-ი განსაკუთრებით პრობლემურად სირიაში, იემენსა და ჩინეთში არსებულ ვითარებას მიიჩნევს.
ორგანიზაციის შეფასებით სულ უფრო მეტად იზრდება ისეთი მთავრობების რიცხვი, რომლებიც თავიანთ საგარეო პოლიტიკაში ადამიანის უფლებების დაცვას აღარ ითვალისწინებენ.